მამუკელაშვილის 9 ქულა “იუტასთან”, დონჩიჩის – 52

0
0

„ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ ნბა-ს რეგულარულ ჩემპიონატს წარმატებულად აგრძელებს. კალიფორნიულმა გუნდმა სტუმრად „იუტა ჯაზი“ დაძაბულ ბრძოლაში, 132:123 დაამარცხა და სეზონის სტარტზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.
„ლეიკერსის“ შემადგენლობაში სათადარიგო სკამიდან პროდუქტიული თამაში ჩაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმა. სანდრომ მოედანზე 21 წუთი დაყო, რა დროშიც 9 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა თამაშიდან 4-დან 2 სროლა ჩააგდო (1 სამქულიანი 2-დან) და 6-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. მამუკელაშვილმა დაცვასა და თავდასხმაში სასარგებლო ეპიზოდები შექმნა და გუნდს მნიშვნელოვანი სიღრმე შემატა.
შეხვედრის მთავარი გმირი კი ლუკა დონჩიჩი გახდა, რომელმაც მიმდინარე NBA-ის სეზონში პირველი 50-ქულიანი მატჩი ჩაატარა. სლოვენიელმა ვარსკვლავმა 52 ქულა, 10 პასი, 7 მოხსნა და 8 ჩაგდებული სამქულიანი მიითვალა. მატჩის დასრულებამდე 1:42 წუთით ადრე, სწორედ დონჩიჩის ზედიზედ ორმა ზუსტმა შორეულმა ტყორცნამ გადაწყვიტა შეხვედრის ბედი, როდესაც „ლეიკერსმა“ 14:5 გაქცევა დაასრულა და ლიდერობა მოიპოვა.
გამარჯვებულ გუნდში დონჩიჩს მხარი შესანიშნავად აუბა ოსტინ რივსმა, რომელმაც 29 ქულა დააგროვა. სკამიდან შედეგიანი იყო კოლინ სექსტონიც (13 ქულა), ხოლო ზაირ უილიამსმა და მათის ტიბულმა 11-11 ქულა მიითვალეს.
მასპინძელთა რიგებში საუკეთესო ლაური მარკანენი იყო 28 ქულით, ხოლო კეონტე ჯორჯმა თითქმის სამმაგი დუბლი შეასრულა — 24 ქულა, 9 მოხსნა და 10 პასი. სეზონის 3 მოგებით დამწყები „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ მორიგ შეხვედრას საკუთარ მოედანზე გამართავს, სადაც სამშაბათს „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ უმასპინძლებს.
გამარჯვება ჩაიწერა აქტივში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმაც“. მართალია, ქართველ ცენტრს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ფლორიდელებმა ორი მარცხის შემდეგ სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმეს, თანაც სტუმრად ნბა-ს მოქმედი ჩემპიონი „ნიუ იორკ ნიქსი“ 111:102 დაამარცხეს.
„ორლანდოს“ წარმატებაში ლომის წილი ფრანც ვაგნერმა დაიდო, რომელმაც მოპოვებული 23 ქულიდან 21 სწორედ გადამწყვეტ, მეოთხე მეოთხედში ჩააგდო (დამატებით 13 მოხსნა და 9 პასი). ენთონი ბლექმა გუნდს 18 ქულა შემატა. ნიუიორკელთა რიგებში ჯელენ ბრანსონი 28 ქულით გამოირჩა, ხოლო კარლ-ენტონი თაუნსმა 22 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა.