ბორჯღალოსნები | ზედიზედ მეორედ რეკორდით

0
0

ბორჯღალოსნებმა 37-წლიან ისტორიაში 2026 წლის 14 ნოემბერს თავისი მე-300 ოფიციალური თამაში გამართეს და მრგვალი თარიღი ტონგასთან ბრწყინვალე გამარვებით აღნიშნეს.
ეს იყო მსოფლიო რაგბის ერთა თასის მეხუთე ტურის შეხვედრა და საქართველომ მიჯრით მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. კანადასთან რეკორდული სხვაობით გამარჯვების (59:14) შემდეგ, ჩვენმა გუნდმა „ავჭალაზე“ ტონგას უმასპინძლა და მასთანაც რეკორდული სხვაობით – 55:31 გაიმარჯვა.
ტონგას ბორჯღალოსნები მეცხრედ შეერკინენ და მეშვიდედ დაამარცხეს – 2015 წლის შემდეგ ზედიზედ მეექვსედ. აქამდე კუნძულელებთან სულ ახლო-ახლო თამაშები გვქონდა და ყველაზე მეტი, 15 ქულის სხვაობით (22:7) ორი წლის წინ გვყავდა დამარცხებული, ახლა კი უპირატესობამ 24 ქულა შეადგინა.
მეტოქეს ორი ლელო გაუტანა ბორჯღალოსნების საუკეთესო მელელოვე აკაკი ტაბუცაძემ, რომლის მონაგარმა, 64 მატჩში 56 ლელო შეადგინა. ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოს საუკეთესო მელელოვეების სიაში ახალ ზელანდიელ ვილ ჯორდანს გაუტოლდა და მასთან მეხუთე ადგილს იყოფს. ქართველი ფრთის წინ უელსელი შეინ უილიამსია, რომელსაც 60 ლელო აქვს გატანილი, სიას კი 69 ლელოთი იაპონელი დაისუკე ოჰატა ლიდერობს.
განვლილ მატჩში ასევე ორი ლელო გაიტანა ვანო კარკაძემ, ვასილ ლობჟანიძის, დავით ნინიაშვილის, ბექა საღინაძის და გელა აფრასიძის ანგარიშზე კი თითო-თითო ლელოა. ექვსი გარდასახვა და ერთი ჯარიმა გაიტანა ლუკა მატკავამ, რომელიც ერთა თასის საუკეთესო მექულეთა სიას 76 ქულით ლიდერობს.
ამ მოგების შემდეგ ბორჯღალოსნებმა ერთა თასის ხუთ მატჩში 24 ქულა მოაგროვეს, უახლოეს მდევარ პორტუგალიას სატურნირო ცხრილში 7 ქულით გაასწრეს და ევროპა-აზია-აფრიკის ჯგუფის ჩემპიონები ერთი ტურით ადრე გახდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მომავალმა მეტოქე აშშ-მ, რომელმაც რუმინეთი 53:24 დაამარცხა, ასევე 24 ქულა მოაგროვა და ამერიკა-წყნარი ოკეანის ჯგუფის გამარჯვებული გახდა. შედეგად, 21 ნოემბერს “მიხეილ მესხზე” გასამართი მატჩი ერთგვარი არაოფიციალური ფინალია, რომელმაც წლევანდელი ერთა თასის საუკეთესო გუნდი უნდა გამოავლინოს.
სრული დომინაცით
თამაშის დაწყებამდე მოედანზე ის ვეტერანი მორაგბეები გავიდნენ, რომლებიც 1989 წლის 12 სექტემბერს, საქართველოს ნაკრების პირველ, ისტორიულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ზიმბაბვეს წინააღმდეგ. ბართლომე ხამაშურიძეს, ალექსანდრე ხვედელიძეს, დავით ღუდუშაურს, გელა ფირცხალავას და მალხაზ ჭეიშვილს, მოქმედმა ბორჯღალოსნებმა საპატიო დერეფანი გაუკეთეს, ქომაგებმა კი ისინი ტაშით დააჯილდოვეს.
თამაშის საწყის 20 წუთში თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა, მერე კი მასპინძლებმა იმძლავრეს და სათამაშო უპირატესობა ეტაპობრივად ანგარიშში ასახეს. სასიამოვნოა, რომ ჩვენი გუნდი მთელი 80 წუთის განმავლობაში ლაღად ბურთაობდა, აქტიურად და მაღალ ტემპში უტევდა ხელით და ლელოთა უმრავლესობაც კარგი სანახავი გამოდგა.
საქართველო დებიუტშივე მატკავას 38 მეტრიდან გატანილი ჯარიმით დაწინაურდა. ტონგამ შეძლო ბურთზე კონტროლის დამყარება, ინიციატივას დაეუფლა და მე-13 წუთზე 5-მეტრიანში ჯარიმის გათამაშების შემდეგ, ბენ ტამეიფუნამ ლელოთი სტუმრები დააწინაურა პატრიკ პელეგრინიმ კი გარდასახა. ბორჯღალოსნები მყისიერად გააქტიურდნენ, 24-ე წუთზე ხელდახელ შეუტიეს და რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვეს – 22-ში ბურთზე ხელის ჩარტყმისთვის სინბინით პელეგრინი დაისაჯა.
მასპინძლებმა ამით კარგად ისარგებლეს და 10 წუთში სამი ლელო გაიტანეს. ერთ წუთში ბორჯღალოსნების მძლავრი მოლი ვანო კარკაძის ლელოთი დასრულდა. ხუთ წუთში საქართველომ ხელდახელ შეუტია, მარცხენა ფრთაზე ბურთი ბოლომდე ჩაათამაშა, დაჩი პაპუნაშვილს ლელომდე ორიოდე მეტრი დააკლდა, ვასილ ლობჟანიძემ რაქიდან ბურთი კარკაძეს ამოუგდო და მანაც ორ მცველთან ჭიდილში თავისი მეორე ლელო მიითვალა. 33-ე წუთზე საქართველომ ხელდახელ შეტევით დაახლოებით 50 მეტრი დაფარა, პაპუნაშვილმა 22-ში ხაზი გაჭრა, ცრუმოძრაობით რამდენიმე მცველს გვერდი აუარა და ლელოში ვასილ ლობჟანიძე შეუშვა. მატკავამ ორი გარდასახვა გამოიყენა, ტონგამ ტაიმის მიწურულს გარდასახული ლელოთი გვიპასუხა და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ – 22:14.
მეორე ტაიმის დასაწყისში სინბინით აკაკი ტაბუცაძე დაისაჯა, ტონგამ რიცხობრივი უპირატესობით იქვე ისარგებლა და გარდასახული ლელოთი სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. ჯერ კიდევ კაცნაკლულმა საქართველომ 49-ე წუთზე უპასუხა, დავით ნინიაშვილმა ლელოდან დაახლოებით 10-12 მეტრში ჯარიმა სწრაფად გაითამაშა, შეუტია და მისი ლელო მატკავამ გარდასახა.
სინბინიდან დაბრუნებულმა ტაბუცაძემ ერთ წუთში თავისი პირველი ლელო გაიტანა. ბურთის ხაზზე გაშლის შემდეგ მან სისწრაფე აკრიფა, დაახლოებით 30 მეტრი დაფარა და ბოლო მცველთან კონტაქტის შემდეგ ლელოს მისწვდა. ტაიმის შუაში კიდევ ერთი კარგი ხელდახელ შეტევა გვქონდა, გადაცემის გაკეთება არცერთმა მოთამაშემ დააგვიანა და ბექა საღინაძემ ჩვენი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. ტონგამ კარგი შეტევით 64-ე წუთზე თავისი მეოთხე ლელო მიითვალა და ბონუს-ქულა ჩაიწერა, დარჩენილ დროში კი კიდევ სამი ლელო გავიდა, რომელთაგან ორი საქართველოსი იყო.
70-ე წუთზე ტაბუცაძემ მატკავას გრძელი გადაცემა შეირგო და ბურთი ფრთაზე დაამიწა, ბოლო წერტილი კი გელა აფრასიძემ დასვა, როდესაც კარის წინ 25 მეტრში ხაზი სუფთად გაჭრა, სიჩქარე აკრიფა და ლელომდე დაბრკოლების გარეშე ირბინა – 55:31.

მსოფლიო რაგბის ერთა თასი. V რაუნდი

14 ნოემბერი. თბილისი. „ავჭალა“. 18:00 საქ. დრო

საქართველო – ტონგა 55:31 (22:14)

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი შველიძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. დაჩი პაპუნაშვილი, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე, 2. ვანო კარკაძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. გაგი მარგველაშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. ვახტანგ ჯინჭარაძე, 17. ნიკა აბულაძე, 18. ბექა გიგაშვილი, 19. გიორგი ჯავახია, 20. მიხეილ შიოშვილი, 21. ბექა შვანგირაძე; 22. გელა აფრასიძე, 23. ლუკა ტაბატაძე.

8 ლელო: კარკაძე (2), ლობჟანიძე, ნინიაშვილი, ტაბუცაძე (2), საღინაძე, აფრასიძე

6 გარდასახვა: მატკავა

1 ჯარიმა: მატკავა
rugby.ge