ოთარ კაკაბაძე: “ასეთი შედეგისთვის გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი”

0
0

ოთარ კაკაბაძემ, რომელმაც ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების B ლიგის მე-2 ჯგუფის მე-5 ტურში თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნგრეთთან 0:2 წაგებულ მატჩში საქართველოს ნაკრებს უკაპიტნა, გულშემატკივრებს მოუბოდიშა.
ოთარ კაკაბაძე: “ვფიქრობ, პირველ ტაიმში მეტოქეს ვაჯობეთ, მაგრამ გოლის გატანა ვერ შევძელით. უნგრეთის ნაკრების შეცდომების გამოყენება ვერ მოვახერხეთ. მეორე ტაიმში გარკვეულ ეპიზოდებში მოვეშვით და ამის გამო დავისაჯეთ. ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ.
გულშემატკივრები მოდიან იმის მიუხედავად, რომ შედეგი არ გვაქვს, სტადიონი ივსება და ისინი კვლავ გვქომაგობენ. მინდა, ასეთი შედეგისთვის ბოდიში მოვუხადო. ვეცდებით, მდგომარეობა გამოვასწოროთ.“
ჯგუფში 11 ქულით პირველ ადგილზე ჩრდილოეთ ირლანდიაა, მეორეზე 10 ქულით – უნგრეთი, მესამეზე 4 ქულით უკრაინა, ხოლო საქართველო 2 ქულით ბოლოა და ჯერ გოლი არ გაუტანია.
ჩვენმა გუნდმა ზედიზედ ხუთ ოფიციალურ თამაშში (ამხანაგური მატჩები არ ითლება) მეტოქის კარი ვერ აიღო, რაც არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია – 2013 წელს „ჯვაროსნების“ უგოლო სერია ოთხი შეხვედრა გაგრძელდა.
ლაშა თაბაგარი