ესპანეთის ლიგა ენდესას მეხუთე ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” საკუთარ მოედანზე “ობრადოირო” მიიღო და მეტოქე დიდი ანგარიშით — 106:76 დაამარცხა. კანარულმა კლუბმა ოთხივე მეოთხედში მოახერხა უპირატესობის მოპოვება და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
მიუხედავად გუნდის წარმატებისა, ქართველმა ცენტრმა შეხვედრაში საკმაოდ მოკრძალებული სტატისტიკით დაასრულა. შერმადინმა პარკეტზე 17 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მან 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, შეტევაში კი დიდი აქტიურობით არ გამოირჩეოდა.
ამ გამარჯვების შემდეგ “ტენერიფე” 4 მოგებითა და 1 წაგებით სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურზე იმყოფება. მომდევნო ტურში, 31 ოქტომბერს, გიორგი შერმადინის გუნდი სტუმრად “ლეიმა კორუნიას” დაუპირისპირდება.
რაც შეეხება რატი ანდრონიკაშვილის “მორაბანკ ანდორას”, იგი გასვლაზე “ბილბაოსთან” 76:88 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა 11 წუთი ითამაშა და საკუთარ ანგარიშზე 4 ქულა და 2 პასი ჩაიწერა. ანდრონიკაშვილმა 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო.
“ანდორასთვის” სეზონის დასაწყისი წარუმატებელი გამოდგა — 1 მოგებით და 4 წაგებით გუნდი მე-16 ადგილზეა. მომდევნო ტურში, პირველ ნოემბერს,ანდორა “ვალენსიას” უმასპინძლებს.





