ვოლკოვის გამარჯვების გოლი

0
1

დავით ვოლკოვმა „ზირეს“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის სუპერლიგაში გოლი ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. მე-9 ტურში ბაქოელებმა შინ „სუმგაითი“ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის კარგი თამაშის წყალობით დაამარცხეს. ის სასტარტო შემადგენლობაში იყო და არ შეუცვლიათ. „ზირეს“ განაცხადში ვერ მოხვდა ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი.
მატჩის მე-8 წუთზე მასპინძლები რუან რენატომ დააწინაურა. 21-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ვოლკოვმა ქუსლით კარგი პასი მისცა გუიმას, რომელმაც ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა.
39-ე წუთზე „სუმგაითიდან“ ერთი ბურთი აჰმადზადამ გაქვითა, ხოლო 56-ე წუთზე კეფელმა ანგარიში გაათანაბრა. 83-ე წუთზე „ზირეს“ კაპიტანმა ალიევმა მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა და ვოლკოვმა თავით გამარჯვების გოლი გაიტანა. 31 წლის ფორვარდმა ამ სეზონში აზერბაიჯანის ჩემპიონატში ჩატარებულ 9 მატჩში თავი 3-ჯერ გამოიჩინა, ხოლო კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 4-ჯერ ითამაშა და 1 გოლი შეაგდო. „ზირე“ 15 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი