ნიკა კაჭარავამ „ბუხოროს“ შემადგენლობაში უზბეკეთის სუპერლიგაში თავი ზედიზედ მეორე მატჩში გამოიჩინა. 24-ე ტურში ბუხარელებმა სტუმრად სამარყანდის „დინამო“ სწორედ საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსფორვარდის გოლის წყალობით დაამარცხეს.
კაჭარავა სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო. მოედანზე შესვლიდან ორ წუთში მას გოლის გატანის შანსი ჰქონდა, როდესაც თავით ძალიან სახიფათოდ დაარტყა და მეკარებ ბურთი მოიგერია. 79-ე წუთზე კაჭარავამ მასპინძლების საჯარიმოში ბურთი მკერდით დაამუშავა და წააქციეს. არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც ნიკამ ზუსტად შეასრულა. 32 წლის კაჭარავა უზბეკეთში სადებიუტო სეზონს ატარებს და 17 შეხვედრაში 3 გოლის გარდა, 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. „ბუხორო“ 40 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





