კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტურში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი თბილისის „დინამო“ ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ ერთ-ერთ აუტსაიდერ თბილისის „სპაერს“ დაუპირისპირდა და 3:1 გაიმარჯვა.
შეხვედრის 21-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან შეტევაში ჩართულმა ბერძენმა მცველმა მარიოს პურზიტიდისმა სტუმართა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც გიორგი პირტახიას თავით მოგერიებული ბურთი ნიკა ნინუას მიუვიდა, რომელმაც ანგარიში გახსნა. შესვენებამდე „სპაერმა“ „დინამოს“ კარი აიღო, მაგრამ გოლი არ ჩაითვალა, რადგან თამაშგარე მდგომარება დაფიქსირდა.
64-ე წუთზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსკაპიტანმა ჯაბა კანკავამ თავის ნახევარზე დაკარგა ბურთი და თორნიკე ასკურავას გადაცემის მერე, ზურაბ გოლუბიანმა დაახლოებით 25 მეტრიდან ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.
69-ე წუთზე დინამოელთა შეტევის დროს ბრაზილიელმა უელტონ კარვალიომ ბურთი „სპაერის“ ნახევარზე მიიღო და ზუსტი პასი გაუკეთა საჯარიმოში პურზიტიდისს, რომელმაც თავით გაიტანა. 74-ე წუთზე „სპაერის“ კაპიტანმა მეკარე ბუხუტი ფუტკარაძემ ტრავმა მიიღო და ნიკოლოზ ჩომახიძემ შეცვალა, რომელმაც მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა.
მე-80 წუთზე მასპინძლების შეტევა კვიპროსელმა მცველმა ფსალტისმა დაიწყო და მისი ჩაწოდების შემდეგ თორნიკე ასკურავას ფეხიდან მისული ბურთი ჩომახიძეს უწყინარ სიტუაციაში ხელიდან გაუვარდა, ხოლო იქვე მდგომმა 37 წლის მათე ვაწაძემ ამ სეზონში მე-8 გოლი მიითვალა. ის „დინამოს“ საუკეთესო ბომბარდირია.
„დინამო“ 51 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მესამეა, ხოლო ანზორ კიღურაძის თავკაცობით „სპაერმა“ 26 ქულა დააგროვა და მერვეა.
ლაშა თაბაგარი





