თომა ტაბატაძემ, რომელიც „კოკანდში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, უზბეკეთის ჩემპიონატში თავი მეოთხედ გამოიჩინა. 24-ე ტურში „კოკანდი“ სახლში ფერგანის „ნეფთჩისთან“ 2:4 დამარცხდა.
ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს. მე-11 წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა გადოევმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას ტაბატაძემ დაასწრო და თავით ანგარიში გახსნა. მის მსგავსად „კოკანდის“ სასტარტოში ნახევარმცველი შოთა გვაზავა იყო, რომელმაც მოედანი 82-ე წუთზე დატოვა, ხოლო მცველმა ანდრო გიორგაძემ ორი ტაიმი თადარიგში გაატარა. „კოკანდი“ 23 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





