კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტურის პირველ მატჩში წყალტუბოს „სამგურალმა“ ტყიბულის „ მეშახტე“ მიიღო და ორი უპასუხო ბურთი გაუტანა.
მატჩის მე-5 წუთზე მეტოქის საჯარიმოში შესული თორნიკე გაფრინდაშვილის დარტყმული ბურთი მეკარე ირაკლი შოვნაძემ ცუდად მოიგერია და კარის წინ მდგომმა ირაკლი სირაძემ თავით ანგარიში გახსნა – 1:0.
57-ე წუთზე „მეშახტე“ მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა, რადგან უხეშობისთვის მცველი ლაშა უგრეხელიძე გააძევეს. 77-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში მყოფმა ნიკა ცეცხლაძემ შორეულ კუთხეში დაარტყა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, ხოლო ბრაზილიელმა სებოლინიამ ერთი შეხებით დაამატა – 2:0.
მიმდინარე სეზონში გიორგი ონიანის გაწვრთნილმა „სამგურალმა“ ჩემპიონატში „მეშახტეს“ ოთხიდან სამი თამაში მოუგო, ხოლო ერთი ფრედ დასრულდა და 38 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა, კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით კი „მეშახტეს“ 17 ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი





