ვაკო ყაზაიშვილმა „შანდუნის“ რიგებში ამ სეზონში ჩინეთს სუპერლიგაში მეორე დუბლი შეასრულა. 28-ე ტურში „შანდუნმა“ შინ „ჭეძიანგი“ 5:1 გაანადგურა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის მე-40 წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, ყაზაიშვილმა მეკარესთან პირისპირ თანაგუნდელი დატოვა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-5 წუთზე კრიზანმა კარგად შენიშნა სტუმართა საჯარიმოში გახსნილი ვაკო, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა. 79-ე წუთზე ყაზაიშვილი „ჭეძიანგის“ ნახევარზე ერთ მეურვეს გაცდა და დაახლოებით 20 მეტრიდან აუღებლად დაარტყა. მან მიმდინარე სეზონში ჩინეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 28 შეხვედრაში მოწინააღმდეგეთა კარი 8-ჯერ აიღო და 9 საგოლე პასი გააკეთა. „შანდუნი“ 41 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





