გიორგი აბუაშვილმა „მეცის“ შემადგენლობაში საფრანგეთის ლიგა 2-ში ამ სეზონში მესამე გოლი მიითვალა. მე-9 ტურში „მეცმა“ „სოშო“ მიიღო და 3:2 აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს.
28-ე წუთზე, როდესაც „მეცი“ 1:0 იგებდა, მარჯვენა ფლანგიდან სარმა პასი საჯარიმოში გააკეთა, სადაც აბუაშვილმა ერთი შეხებით ბურთი კარგად დაამუშავა და „ცაციათი“ შორეულ კუთხეში გაიტანა. 71-ე წუთზე გიორგი „სოშოს“ ნახევარზე ბურთი სტუმართა მცველს „მოპარა“ და შემდეგ მეორე მეტოქეს გაცდა, მაგრამ საჯარიმოს ხაზიდან არაზუსტად დაარტყა. „მეცი“ 13 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზეა.
თურქეთის სუპერლიგის მე-8 ტურში „ერზრუმსფორმა“ შინ „ეუფსფორი“ 2:0 დაამარცხა. მასპინძლების სასტარტოში ჩვენი ეროვნული გუნდის მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე იყო, რომელიც 89-ე წუთზე შეცვალეს. ის მე-19 წუთზე სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან გაიხსნა და ბურთი მიღების მერე ზუსტი პასი გაუკეთა კარდოსოს, რომელმაც თავით ცარიელ კარში გაიტანა. გურამმა ამ სეზონში მეორე საგოლე გადაცემა შეასრულა. „ერზრუმსფორი“ 11 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





