ლიონელ მესის განცხადებით, არგენტინას ყველაფერი მისცა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ამის შესახებ არგენტინის ნაკრებში ჩატარებული ბოლო მატჩის მერე განაცხადა, რომელშიც მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონებმა ბუენოს-აირესში ბენინს 3:0 აჯობეს.
48-ე წუთზე მესიმ კუთხური ჩააწოდა და ნიკოლას ოტამენდიმ ანგარიში გახსნა. 61-ე წუთზე მესის გადაცემით ნიკო პასმა მასპინძლები კიდევ უფრო წინ გაიყვანა. 71-ე წუთზე თავი უკვე მესიმ გამოიჩინა, რომელმაც პენალტი გაიტანა.
„წარმოუდეგენელი ემოცია მქონდა. მადლობა ყველას. პირველი ადამიანი, რომელზეც ახლა ვფიქრობ მამაჩემია. არგენტინის ნაკრებში ყოფნა ცხოვრების ბოლომდე მსურდა. თუმცა, ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, წასვლის დრო დადგა.
მადლობა, რადგან არგენტინის ნაკრებში თამაში ყველაზე საუკეთესო რამაა. მეტი არაფერი მრჩება, რომ ამ მაისურს მადლობა გადავუხადო. არგენტინას ყველაფერი მივეცი. ამ მაისურის გამო არასოდეს დავნებებულვარ. ყოველთვის ვიბრძოდი, წინ მივდიოდი და მაქსიმალურად ვიხარჯებოდი. 20 წელიწადის განმავლობაში რაც საუკეთესო მქონდა არგენტინას ყველაფერი მივეცი. ყველა მიყვარხართ და ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ. მადლობელი, ამაყო და მშვიდი მივდივარ. მადლობა ღმერთს, რომ არგენტინელი ვარ“ – განაცხადა 39 წლის არგენტინელთა აწ უკვე ექსკაპიტანმა.
მესის არგენტინის ნაკრებში დებიუტი 2005 წელს ჰქონდა და 208 მატჩში 126 გოლი გაიტანა, პლუს 70 საგოლე პასი გააკეთა. ის ფეხბურთის ისტორიაში სანაკრებო დონეზე გატანილი ბურთების რაოდენობით მხოლოდ პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდოს (146) ჩამორჩება. მან კარიერის განმავლობაში 46 ნაკრების კარი აიღო.
მესიმ მსოფლიოს ექვს ჩემპიონატზე (2006, 2010, 2014, 2018, 2022, 2026) ითამაშა. მან ერთხელ ოქროს მედალი (2022) მოიგო, ხოლო ორჯერ ვერცხლის მედლებს (2014, 2026) დაეუფლა. იგი 21 გოლით მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მეორე ბომბარდირია – პირველი საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი კილიან მბაპეა (22). მესის მუნდიალებზე გაკეთებული საგოლე პასების რეკორდი ეკუთვნის – 12.
მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად ორჯერ სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი (2021, 2024) და ასევე ფინალისიმა (2022 წელს არგენტიელებმა ევროპის ჩემპიონი იტალია დაამარცხეს) მოიგო.
ლაშა თაბაგარი





