21-წლამდელები ბერძნებს ვერ შეეწინააღმდეგნენ

0
1

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევრო 2027-ის შესარჩევი ციკლის მე-8 ტურში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საბერძნეთს შეხვდა და სამბურთიანი სხვაობით დამარცხდა. რამაზ სვანაძის ეროვნულ გუნდში ფრანგი ვილი სანიოლის ნაცვლად დანიშვნის შემდეგ, დღევანდელ შეხვედრაში გუნდი სათამაშოდ გიორგი ადამიამ გაიყვანა. ეს უკანასკნელი მანამდე სვანაძის თანაშემწე იყო.
მატჩის მე-5 წუთზე გუმასის პასის შემდეგ, ჩვენს საჯარიმოში შეჭრილი ალენი ერთ მცველს გაცდა და შორეულ კუთხეში დარტყმით ანგარიში გახსნა – 0:1.
მე-13 წუთზე ბერძნებმა კუთხური ჩააწოდეს და ქართველი მცველის მოგერიებული ბურთი დაახლოებით 18 მეტრიდან ბაკულასმა მიწაზე დაუშვებლად ბადეში გაახვია – 0:2.
43-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა კუთხური ჩააწოდა და დავით ბუკიას თავურის მერე, სტუმრები გოლის გაშვებას მეკარემ გადაარჩინა, მაგრამ ბურთი საჯარიმოში მყოფ ალექსანდრე ამისულაშვილს მიუვიდა, რომლის დარტყმის შემდეგ ისევ მონასტირლისმა იხსნა.
51-ე წუთზე პნევმონიდისმა მასპინძლების კარის წინ გახსნილი ალენი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით დუბლის შესრულების კარგი შანსი ხელიდან გაუშვა. 51-ე წუთზე ელადელთა მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ალეკო ბასილაძემ ერთი ბურთი გაქვითვის კარგი შესაძლებლობა გაანიავა და ბურთი კარს ააცილა. ამ ეპიზოდიდან ორ წუთში ბერუაშვილთან მარტო აღმოჩენილმა პაპაკანელოსმა ბურთი კარში ვერ გადაგზავნა.
65-ე წუთზე ჩვენს საჯარიმოში მყოფმა პაპაკანელოსის დარტყმის შემდეგ, ქართველი მცველის ფეხიდან ზედა ძელს მოხვდა ბურთი და პნევმონიდისს მიუვიდა, რომელმაც ჩვენი კარი აიღო – 0:3.
82-ე წუთზე თამაშში ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმა თორნიკე კვარაცხელია და გიორგი ჩუბინიძე ჩაერთვნენ, რომელთა დებიუტი შედგა. მანამდე, მოედანზე გიორგი რობაქიძე შევიდა, რომელმაც ახალგაზრდულ ნაკრებში ასევე პირველად ითამაშა. 87-ე წუთზე აპოსტოლაკისმა ჩვენი საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა და ბურთი ხარიხამ აისხლიტა.
საქართველოს ნაკრები მოდევნო შეხვედრას 1 ოქტომბერს სტუმრად ჩრ.ირლანდიასთან ჩაატარებს.
საქართველო – საბერძნეთი 0:3 (0:2)
26 სექტემბერი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.
საქართველო:  
ბერუაშვილი, ცეცხლაძე (ჩუბინიძე, 82), ბუკია, ამისულაშვილი, ნარიმანიძე, ბასილაძე,  დადიანი, ლორთქიფანიძე (კვარაცხელია, 82), ჯაფარიძე (რობაქიძე, 73), დეისაძე (ჩიქოვანი, 62), სალია (ფეიქრიშვილი, 73).
მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი: გიორგი ადამია.
საბერძნეთი: მონასტრიდისი, კოსტულასი (კარტისი, 46), კალოგეროპულოსი, ალექსიუ, ალენი, ბაკულასი (აპოსტოლაკისი, 62), კონტურისი (ალმირასი, 26), გუმასი, (ბრაგუ, 73), პაპაკანელოსი, მიტუ (ტეოდოსულაკისი, 73), პნევმონიდისი.
მთავარი მწვრთნელი:
იანის ტაოუსიანისისი.
გოლები: 0:1 ალენი (5, 0:2 ბაკულასი (13), 0:3 პნევმონიდისი (65).
გაფრთხილება: ბაკულასი (36), ამისულაშვილი (36), გუმასი (40), დადიანი (68), აპოსტოლაკისი (84), ნარიმანიძე (90)
მთავარი მსაჯი: იურა მატესუიანი (სომხეთი).
ლაშა თაბაგარი