წიტაიშვილმა „რეალთან“ შეუცვლელად ითამაშა

0
0

გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც ზაფხულში „რაიო ვალეკანოში“ გადავიდა, მადრიდული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ესპანეთის ლა ლიგაში პირველად ითამაშა. მე-5 ტურში „რაიო ვალეკანო“ სტუმრად „რეალს“ შეხვდა და 1:4 დამარცხდა.
მატჩის მე-8 წუთზე მეტოქის საჯარიმოში ბურთიანად მარჯვნიდან შესული წიტაიშვილი ერთ მცველს გაცდა და დაარტყა, მაგრამ კურტუამ დამაჯერებლად ითამაშა. მე-14 წუთზე სტუმართა მცველმა თავის საჯარიმოში კარერასი წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც მბაპემ გამოიყენა. 35-ე წუთზე მარცხნიდან „რაიოს“ საჯარიმოში შეჭრილმა ვინისიუსმა გადაცემა ბელინგემს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა.
51-ე წუთზე სტუმრებიდან ერთი ბურთი კამელომ გაქვითა. 62-ე წუთზე წიტაიშვილმა დაახლოებით 20 მეტრიდან დაარტყა და კურტუამ ბურთი კუთხურზე მოიგერია. ერთ წუთში „რეალის“ საჯარიმოში მყოფმა წიტაიშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან თავით ვერ გაიტანა – ბურთი კარს გადაცდა. ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე მბაპემ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „რაიო ვალეკანო“ 4 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი