კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტურში „მიხეილ მესხი 2“-ზე ლიგაში დარჩენისთვის თბილისის „სპაერი“ და ტყიბულის“ მეშახტე“ დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ანზორ კიღურაძის გაწვრთნილი „სპაერი“ ორჯერ იგებდა, მაგრამ საბოლოოდ უქულოდ დარჩა.
მატჩის მე-13 წუთზე „სპაერმა“ კუთხური ჩააწოდა და მცველმა გიორგი გეგიამ თავის საჯარიმოში თამაც ცეცხლაძე წააქცია, რის გამო, მთავარმა მსაჯმა გოგა კიკაჩეიშვილმა პენალტი დანიშნა. გიგა სამხარაძემ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. ანგარიშის გახსნიდან ცოტა ხანში ცარიელი კარის წინ დარჩენილმა გოჩა ცირდავამ დაარტყა და ბურთი გვერდითმა ძელმა აისხლიტა.
32-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფმა გიორგი გეგიამ მარცხენა მახვილი კუთხიდან თავით დაარტყა და ბურთი კარის შორეულ ძელს მოხვდა, ხოლო ცოტნე ფაცაციამ კარიდან გამოსულ ბუხუტი ფუტკარაძეს დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა.
56-ე წუთზე „სპაერის“ ფეხბურთელმა ჯარიმის შესრულების დროს პასი „მეშახტეს“ საჯარიმოში გააკეთა, სადაც ბურთი თავით გიორგი პაპუაშვილმა ცუდად მოიგერია, ხოლო ლევან ტყეშელაშვილს, რომელმაც კარი დატოვა თამაზ ცეცხლაძემ აჯობა და თავით გაიტანა.
63-ე წუთზე ბექს შუბითიძემ მარჯვენა ფლანგიდან პასი „სპაერის“ საჯარიმოში ფაცაციას გაუკეთა, რომელმაც ბურთი მუხლით მიიღო, აკენწლა და შემოტრიალებით ვარდნაში ეფექტური გოლი შეაგდო.
67-ე წუთზე ტყიბულელთა კარგი შეტევის დროს, თბილისელთა საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა გიორგი პაპუაშვილმა პასი ბექს გაბისკირიას მისცა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი დაამუშავა, ხოლო მეორეთი კარში გადაგზავნა. „სპაერი“ 32 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მეცხრეა, ხოლო კახა ჩხეტიანის გაწვრთნილი „მეშახტე“ 23 ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი





