ზურიკო დავითაშვილმა „სენტ-ეტიენის“ მაისურით მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ში მეორე საგოლე პასი შეასრულა. მე-6 ტურში „სენტ-ეტიენი“ სტუმრად „დიუნკერკს“ შეხვდა და ზედიზედ 5 თამაშის მოგების შემდეგ, პირველად დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. მატჩის 43-ე წუთზე დავითაშვილი მასპინძლების ნახევარზე ერთ მეურვეს გაექცა და კარგი პასის მეკარესთან ბოაკიე გაიყვანა, რომელმაც ანგარიში გახსნა.
52-ე წუთზე „დიუნკერკიდან“ საპასუხო ბურთი აუარიმ გაიტანა. 58-ე წუთზე მასპინძლები კეიტამ დააწინაურა. დავითაშვილი ორი ტაიმი აქტიური იყო და 86-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლო, როდესაც „დიუნკერკის“ საჯარიმოსი ხაზიდან დაარტყა და მეკარემ მარჯვენა დაბალ კუთხეში წასული ბურთი ნახტომში მოიგერია.
დავითაშვილმა ამ სეზონში ლიგა 2-ში ჩატარებულ 6 შეხვედრაში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. „სენტ-ეტიენი“ 15 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი





