კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 26-ე ტურში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის „იბერიამ“ ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ თანაქალაქელ „სპაერს“ უმასპინძლა და დამატებით დროში გატანილი გოლით აჯობა.
მატჩის პირველი ტაიმის 32-ე წუთზე ნიგერიელი ალჰასანის მაგივრად მოედანზე გიორგი კუცია გამოვიდა. დისკვალიფიცირებული უკრაინელი ანდრე დემჩენკოს ნაცვლად, თბილისელებს ისევ მისი ასისტენტი ირაკლი მოდებაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც აფრიკელის თამაშით უკმაყოფილო დარჩა.
მეორე ტაიმის დასაწყისში „სპაერის“ განელმა თავდამსხმელმა ბილი ჯიბრილმა ხელის სერიოზული ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ის მოგვიანებით სასწრაფო მანქანის დახმარებით კლინიკაში გადაიყვანეს. ამის გამო, 64-ეწუთზე თამაში დროებით შეწყდა და მაშინ განახლდა, როდესაც „სასწრაფო“ დაბრუნდა. გათამაშების რეგლამენტის თანახმად თუ სასწრაფო მანქანა სტადიონზე არაა, თამაში არ შეიძლება.
ამის გამი, ძირითადი დროის ამოწურვის შემდეგ, მთავარმა მსაჯმი გიორგი ყრუაშვილმა 15 წუთი დაამატა. 102 წუთზე ლუქსე,ბურგელმა ვაჰიდ სელიმოვიჩმა მეტოქის ნახევარზე გუნდის კაპიტანი გიორგი ჯინჯოლავა მოძებნა, რომელიც ორ მეტოქეს გაექცა და საჯარიმოში შესულმა შორეულ ძელთან პასი გაუკეთა ვახო ბედოშვილს, ამ უკანასკნელმა კი ვარდნაში გამარჯვების გოლი გაიტანა – 1:0.
მოქმედი ჩემპიონი „იბერია“ 40 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა, ხოლო ანზორ კიღურაძის ხელმძღვანელობით „სპაერს“ 25 ქულა აქვს და მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი





