გიზო მამაგეიშვილმა გრაცის „შტურმის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-6 ტურში გრაცელებმა სახლში მოქმედი ჩემპიონი ლასკი 2:1 დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველებიდან სასტარტოში მხოლოდ მამაგეიშვილი იყო, რომელიც 61-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა შეცვალა.
34-ე წუთზე მასპინძლების კონტრშეტევის დროს, მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი მამაგეიშვილი ფინტით ჩეხ ნახევარმცველ დანეკს გაცდა და ბურთი მეკარისგან შორეულ კუთხეში „ჩასვა“. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე დანეკმა ანგარიში გაათანაბრა.
59-ე წუთზე „შტურმი“ დიაკიტემ დააწინაურა. 85-ე წუთზე კიტეიშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა. „შტურმი“ 11 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





