ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის ახალი ტურნირის – ერთა თასის გახსნით მატჩში, ურუგვაის მონტევიდეოში დაძაბულ ბრძოლაში 41:34 სძლია და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. მთავარი მწვრთნელის, პიერ-ანრი ბრონკანის სადებიუტო შეხვედრა დაძაბული გამოდგა. მასპინძელმა ურუგვაიმ, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-15 ადგილს იკავებდა, დიდი ბრძოლა გაგვიმართა და ბოლო წუთამდე არ გატყდა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვებული საქართველო დარჩა და 4 ქულასთან ერთად, 4 ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც ჩაიწერა. თამაში “ჩარუას” ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა.
“ლოს ტეროსთან” მატჩში ბორჯღალოსნების კვართით პირველი კეპი მოიხვეჭა ფრთა რომა მახათაძემ, რომელსაც ძალიან კარგი თამაში ჰქონდა. 50-ე კეპი მოიხვეჭა შერკინების შემკვრელმა თორნიკე ჯალაღონიამ და ეს მოვლენა გატანილი ლელოთი აღნიშნა. ხოლო მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე, გუნდს 3-წლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა. ეს იყო საქართველოსა და ურუგვაის მე-8 შერკინება და საქართველომ ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა – პირველად მონტევიდეოში.
“ტეროსმა” პირველ მატჩში, 2003 წლის მსოფლიო თასზე და 2004 წელს მონტევიდეოში გაიმარჯვა, მას შემდეგ კი, შინ თუ ნეიტრალურ მოედანზე, მოგებული მუდამ საქართველო რჩებოდა. როგორც უკვე ვთქვით, 22 წლის შემდეგ ბორჯღალოსნებსა და ურუგვაის შორის მონტევიდეოში გამართული შეხვედრა დაძაბული გამოდგა. მასპინძლებმა აგრესიული თამაში შემოგვთავაზეს. ისინი გვაწუხებდნენ რაქში და ჯარიმის ზღვარზე ირჯებოდნენ, თუმცა ბრონკანის შეგირდებმა სიმშვიდე შეინარჩუნეს და დასახულ მიზანს მიაღწიეს. აგრესიული დაცვა დაგვიპირისპირა ურუგვაიმ, გვაწუხებდა რაქში და თამაშობდა მუდამ ჯარიმის ზღვარზე. თამაში ორმხრივი შეცდომებით დაიწყო, მაგრამ ხშირად რომ ვჯარიმდებოდით, ურუგვაიმ შეძლო ჩვენს 22-ში შემოსვა, მოლი ააგორა და მთავარმა მსაჯმა კრეიგ ევანსმა, ვიდეო-რეფერისთან კონსულტაციის შემდეგ ლელო დააფიქსირა.
ამის შემდეგ საქართველომ თამაშზე კონტროლი დაამყარა და 20 უპასუხო ქულა მოიხვეჭა. საპასუხო ლელო მე-15 წუთზე გავიტანეთ. მორკინალების რამდენიმე მიძალების შემდეგ, ბურთი ხაზზე გავიდა, ლუკა მატკავამ ცრუმოძრაობით ორი მცველი უსაქმოდ დატოვა და თავისივე ლელო გარდასახა, რასაც მალევე ჯარიმაც მიაყოლა.
22-ე წუთზე მოლით ერთხელაც შევუტიეთ, რომელმაც ღერძი იცვალა, ნიკოლოზ სუთიძემ დრო იხელთა და თავისი პირველი სანაკრებო ლელო გაიტანა. მატკავამ გარდასახვას კიდევ ერთი ჯარიმა მიაყოლა და თამაშში ყველაზე დიდი სხვაობით, 15 ქულით დავწინაურდით. შესვენებამდე ლელოს გატანის კარგი შანსი კიდევ ერთხელ გვქონდა, მაგრამ ფეხით შეცურებული ბურთი ხელოვნურმა საფარმა ჩვენთვის არასასურველი ტრაექტორიით აისხლიტა, ურუგვაიმ კი ჩამორჩენა ჯერ ჯარიმით შეამცირა, ზედ შესვენების წინ კი ალამთან თავისი მეორე ლელო გაიტანა და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა. ამას ისიც დაერთო, რომ ვიდეო-რეფერიმ გუნდის კაპიტანზე – ცენტრში მოთამაშე დავით ნინიაშვილზე უხეში ბოჭვა დააფიქსირა და ის ყვითელი ბარათით დაისაჯა – 20:15.
მეორე ტაიმი კაცნაკლულებმა დავიწყეთ, რითაც „ტეროსმა“ მე-4 წუთზე ისარგებლა, მოლის შემდეგ ბურთი ხაზზე გაიტანა და ლელო ძელებსშუა დაამიწა, გარდასახვის შემდეგ კი თამაშში მეორედ დაწინაურდა. ჯერ კიდევ კაცნაკლულმა ბორჯღალოსნებმა შეტევაში, მეტოქის 22-ში დიდი დრო გაატარეს, ფაქტობრივად კარის წინიდან ჯარიმა კარში რამდენჯერმე არ დაარტყეს და ხშირი ჯარიმების ფონზე, 50-ე წუთზე სინბინით ურუგვაელებიც დაისაჯნენ. 53-ე წუთზე კი კარის წინ 5 მეტრში, ჯარიმის ნაცვლად აღებული შერკინებიდან თორნიკე ჯალაღონიამ შეუტია და საიუბილეო მატჩში თავისი მე-12 ლელო გაიტანა, რომელიც მატკავამ გარდასახა. მასპინძლებმა გააფთრებით შემოგვიტიეს, მაგრამ დომინანტი ბოჭვები დავახვედრეთ, თანაც უჯარიმოდ და ქულების აღების შესაძლებლობა არ მივეცით, 66-ე წუთზე კი კარგი მოლით შევუტიეთ, რომელსაც „ტეროსმა“ ჯარიმის მეტი ვერაფერი დაუპირისპირა და საჯარიმო ლელოსთან ერთად, სინბინითაც დაისაჯა.
ურუგვაი არ გატყდა, 70-ე წუთზე ფრთაზე ფეხით ბურთი რისკიანად გადაკიდა, ოვალი მოედნიდან მასპინძელთათვის სასურველი ტრაექტორიით ასხლტა და ლელოს რთული პოზიციიდან ზუსტი გარდასახვა მოყვა, რამაც მასპინძლები თამაშში დააბრუნა. ბორჯღალოსნებმა თამაშს კვლავ უმატეს, 77-ე წუთზე ფრთაზე ბურთი კარგად ჩაათამაშეს, იქ რომა მახათაძემ ხაზი გაჭრა, ბოლო მცველი აიყვანა და ლელოში შეცვლაზე შესული მიხეილ ალანია შეუშვა. ძელებსშუა დამიწებული ლელო მატკავამ გარდასახა, რასაც ურუგვაის მხრიდან გაწითლებულ დროზე ერთი საპასუხო ლელო მოყვა, თუმცა ამან ბორჯღალოსნებს დამსახურებულ გამარჯვებაში ხელი ვერ შეუშალა – 41:34. 4 ლელოს გატანისა და 7-ქულაზე ნაკლები სხვაობით მარცხისთვის, ურუგვაის 2 ბონუს ქულა შეხვდა.
მსოფლიო რაგბის ერთა თასის პირველი ტურის დანარჩენი შეხვედრები ასე დასრულდა: სამოა – ჰონკონგი 66:19; ჩილე – რუმინეთი 48:31; ტონგა – ზიმბაბვე 36:26; კანადა – ესპანეთი 42:42; აშშ – პორტუგალია 30:29. სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე მყოფი ბორჯღალოსნები, ახლა ჩილეში გადაინაცვლებენ, სადაც 11 ივლისს, ჩვენი დროით 23 საათზე, ვინა დელ მარიში სამოას შეერკინებიან.
მსოფლიო რაგბის ერთა თასი. I რაუნდი
ურუგვაი. მონტევიდეო. 21:00 (საქ. დრო)
საქართველო – ურუგვაი 41:34 (20:15)
საქართველო
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დავით ნინიაშვილი (კაპ.), 12. გიორგი კვესელაძე, 11. რომა მახათაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე, 2. ნიკოლოზ სუთიძე, 3. ალექსანდრე ქუნთელია, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა შვანგირაძე, 7. ლუკა ივანიშვილი, 8. თორნიკე ჯალაღონია.
მარქაფა: 16. ლუკა პეტრიაშვილი, 17. ნიკა აბულაძე, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. გიორგი ჯავახია, 21. ილია სპანდერაშვილი; 22. მიხეილ ალანია, 23. თორნიკე კახოიძე.
5 ლელო: მატკავა, სუთიძე, ჯალაღონია, საჯარიმო (7 ქულა), ალანია
4 გარდასახვა: მატკავა
2 ჯარიმა: მატკავა





