ქორქია-ჯორჯიკიას დარბაზში საქართველომ ესპანეთს მოუგო!

0
12

რამდენიმე კვირის წინ თბილისის ახალ სპორტის სასახლეს ქართული კალათბურთის ლეგენდარული მესაძირკვლეების ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელი მიენიჭა და მათი სახელობის არენაზე პირველი ოფიციალური შეხვედრა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონ ესპანეთთან ტრიუმფული გამარჯვებით დაასრულა! მატჩის მსვლელობისას ქართველები პირენელებთან 22 ქულითაც კი მარცხდებოდნენ, მაგრამ ამჟამად ქართველებს გვყავს ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას დაწყებული საქმის ღირსეული გამგრძელებელი თორნიკე შენგელია, რომლის თავდადებული ლიდერობითაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა კიდევ ერთი ისტორიული შეხვედრა მოიგო და მთლიანად ქართველი სპორტული საზოგადოება უზომოდ გაახარა…
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთს თბილისში, დამატებით დროში — 91:89 მოუგო. ერთი შეხედვით, რა არის ამაში ისტორიული? საქართველოს ნაკრებს ხომ აქამდეც არაერთხელ დაუმარცხებია მსოფლიო კალათბურთის გრანდი და ბოლოს ეს 2025 წლის ევრობასკეტზე, კვიპროსში მოხდა. თუმცა, ამჯერად სრულიად სხვა ამბავთან გვაქვს საქმე: საქართველომ ესპანელებს 22-ქულიანი ჩამორჩენა ამოუღო და წარმოუდგენელ, დრამატულ ბრძოლაში, ოვერტაიმში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.
მესამე პერიოდის დასრულებამდე 6:49 წუთით ადრე, ალვარო კარდენასის ორქულიანის შემდეგ, ესპანეთი 64:42 დაწინაურდა. ეს ნამდვილ კატასტროფასა და ქართველთა კრახს ჰგავდა, რადგან მთელი შეხვედრის განმავლობაში სტუმრების უპირატესობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა. ჩვენი გუნდის ყოველი მცდელობა, ვითარება გამოესწორებინა, წყალში ეყრებოდა. ერთადერთი ნათელი მომენტი დიდ შესვენებამდე რამდენიმეწუთიანი მონაკვეთი იყო, როცა ქართველებმა იყოჩაღეს და სხვაობა 14 ქულამდე შეამცირეს, თუმცა მესამე ათწუთეულში ესპანელებმა თამაში კი არ გამოასწორეს, არამედ მატჩში ყველაზე დიდი დისტანცია დააფიქსირეს — 22 ქულა.
ამ მომენტში, ალბათ, გამოუსწორებელი ოპტიმისტიც კი ფარ-ხმალს დაყრიდა და წაგებას შეეგუებოდა, მაგრამ ჩვენ გვყავს კაპიტანი, რომელიც არასდროს ნებდება! ძნელია, ასეთი საოცარი მატჩის შემდეგ რომელიმე კალათბურთელის წვლილი დააკნინო ან გმირი არ უწოდო, თუმცა კიდევ უფრო რთულია, გამარჯვების მთავარი წინამძღოლის საპატიო სტატუსი თორნიკე შენგელიას არ მივანიჭოთ. ჩვენი გუნდის ნატურალიზებულმა ამერიკელმა დიდებულად ითამაშა და გადამწყვეტი ბურთიც ცივსისხლიანად ჩააკალათა, თუმცა რომ არა შენგელიას წარმოუდგენელი შედეგიანობა და გამარჯვებისკენ ლტოლვა, მარკუს რიდი მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონების წინააღმდეგ ვერას გახდებოდა.
საქართველოს ნაკრებმა მესამე პერიოდის დარჩენილ 6 წუთში მოახერხა ჩამორჩენის კვლავ 14 ქულამდე შემცირება, რაც შანსის შენარჩუნებას ნიშნავდა. ბრძოლა გადამწყვეტ ათწუთეულში გაგრძელდა. ბოლო პერიოდის პირველი 2 წუთი ისე გაილია, ესპანელებმა ლიდერობას კიდევ 2 ქულა წაამატეს და 75:59 დაწინაურდნენ. საფინალო სირენამდე 8 წუთით ადრე — 16-ქულიანი სხვაობა. სწორედ იმიტომ არის ეს მატჩი ისტორიული, რომ ასეთი უიმედო მდგომარეობიდან, როცა გუნდი მესამე პერიოდში 22, ხოლო ბოლო მეოთხედში 16 ქულით აგებდა, საქართველოს ნაკრებმა მაინც შეძლო მოგება.
მატჩის უდავო გმირი თორნიკე შენგელიაა, რომელმაც სრულიად კრიტიკულ მომენტებში არაერთხელ გადაგვარჩინა: აგდებდა სამქულიანებს, ორქულიანებს, ჭრიდა მეტოქის პასებს და ხსნიდა ფარიდან ასხლეტილ ბურთებს. 13:0 გაქცევის შემდეგ საქართველომ ანგარიში გაათანაბრა, თოკოს მორიგი გარღვევის შემდეგ კი დაწინაურდა კიდეც. თუმცა, ესპანელებმა საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე წონასწორობის აღდგენა შეძლეს და თამაში ოვერტაიმში გადავიდა — 83:83.
აქ კიდევ ერთ საოცარ ამბავს მივადექით — ისტორიის სარკისებურ გამეორებას. 2022 წლის ივლისში ასევე მსოფლიო პირველობის შესარჩევ მატჩში საქართველომ ესპანეთს ორ ოვერტაიმიან შეხვედრაში მოუგო. ისე აგიხდეთ ყველა კეთილი ჩანაფიქრი, როგორც ეს ერთხელ გავლილი გზა გაგრძელდა! ესპანეთი დავამარცხეთ და თანაც ზუსტად ისე, როგორც 4 წლის წინ — ოვერტაიმში. დამატებითი ხუთწუთეული ესპანეთმა კარდენასის ორიანითა და ჰუგო სანჩესის სამიანით დაიწყო (5:0 გაქცევა), მაგრამ მთელი საოცრება დარჩენილ 3 წუთში გათამაშდა. შენგელიამ ორიდან პირველი საჯარიმო ჩააგდო, მეორე — ააცილა, თუმცა ბურთი გიორგი ტურძილაძემ მოხსნა, კვლავ თოკოს დაუბრუნა და კაპიტანმა შედეგიანი გარღვევით ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა.
ნახევარ წუთში დარბაზი ლამის დაინგრა, როცა ქართველების ხისტ დაცვაში დიეგო ბრიზუელა აიხლართა, ბურთი დაკარგა და თორნიკე შენგელიამ მორიგი სამქულიანი ჩააგდო! ოვერტაიმის დასრულებამდე 1:47 წუთით ადრე საქართველო პირველად დაწინაურდა — 89:88. ამას დუდა სანაძის ტაქტიკური ჯარიმა მოჰყვა, რადგან სამწამიან ზონაში ბურთით მყოფი ხაიმე პრადილა ქართველებს გარდაუვალი ორქულიანით ემუქრებოდა. პრადილამ ორიდან მხოლოდ 1 საჯარიმო გამოიყენა და ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, მატჩის დასრულებამდე 58 წამით ადრე, საქართველო შეტევაში დაიძრა.
სწორედ აქ გამოვლინდა მარკუს რიდის უდიდესი კლასი, ოსტატობა და, რაღა თქმა უნდა, ცივსისხლიანობა. თურქული ლიგის ორგზის MVP-იმ ბურთი დიდოსტატურად გაათამაშა, განზე გავიდა და იქიდან ჰაერივით სასიცოცხლო ორიანი ჩაუშვა — 91:89. ტაბლოზე 19 წამი რჩებოდა. მიზანი ერთი იყო — ესპანეთის ამ კონკრეტული შეტევის მოგერიება და გამარჯვება ჩვენი იქნებოდა. ესპანელებმა ბურთი გაათამაშეს და პირდაპირ მოგებაზე გაიწიეს: ალვარო კარდენასმა გამარჯვების სამქულიანი ესროლა, თუმცა ააცილა. როდესაც ალექსანდრე მერკვილაძე ყველაზე და ყველაფერზე მაღლა ახტა და ბურთს დაეუფლა, მარცხი და საქართველოს ფანტასტიკური გამარჯვება ოფიციალურად გაფორმდა!
თოკო შენგელიამ 37 ქულა, 10 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 2 პასი მოაგროვა. 37 ქულა ტურნირის უმაღლესი შედეგია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უკვე მესამედ დაფიქსირდა. მარკუს რიდმა 32 ქულა (საქართველოს ნაკრებაში ჩატარებულ 4 მატჩში 97 ქულა გააკეთა და რომ არა უკრაინასთან გაძევება…), 7 პასი და 2-2 მოხსნა-ჩაჭრა მიითვალა, ალექსანდრე მერკვილაძის ანგარიშზე კი 7 ქულა და 7 მოხსნაა.
ამ მატჩით დასრულდა მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ჯგუფური ეტაპი. ესპანეთმა პირველი მარცხი განიცადა, თუმცა ჯგუფში პირველი ადგილი მაინც დაიკავა. მის კვალზე, მეორე ეტაპზე უკრაინა და საქართველო გადავიდნენ. დებულების თანახმად, ეს 3 გუნდი B ჯგუფის 3 საუკეთესოსთან (მონტენეგრო, პორტუგალია, საბერძნეთი) გაერთიანდება და მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ მათ შეხვდება. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთი 5, უკრაინა და მონტენეგრო 4-4, საქართველო, საბერძნეთი და პორტუგალია კი 3-3 მოგებით გადავიდნენ. საქართველოს 2027 წელს კატარში ჩასატარებელი მსოფლიო პირველობის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ორ-ორი მატჩის ჩატარება ბერძნებთან, პორტუგალიელებსა და მონტენეგროელებთან წლეულს აგვისტოსა და ნოემბერში და მომავალი წლის თებერვალში მოუწევს. კალენდარი უკვე ცნობილია: 28 აგვისტოს საქართველო მონტენეგროს უმასპინძლებს, ხოლო 31 აგვისტოს სტუმრად პორტუგალიას შეხვდება. წელსვე ქართველ კალათბურთელებს საბერძნეთთან სტუმრობა (26 ნოემბერს) და პორტუგალიასთან საშინაო თამაში (29 ნოემბერი) ელით, საკვალიფიკაციო ციკლი კი, გაისად დასრულდება: 26 თებერვალს, სტუმრად, მონტენეგროსთან და 1-ელ თებერვალს, შინ, საბერძნეთთან.

გოჩა კაჭარავა