საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი დაკარგა. შესარჩევი ციკლის B ლიგის პირველ რაუნდის მე-7 ჯგუფში ზურამ ხიზანიშვილის გაწვრთნილი გუნდი ისლანდიას დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა.
პირველი ტაიმის შუაწელში არნარსონმა შორი მანძილიდან „გაისროლა“ და საბა ასანიძემ ბურთი მოიგერია, ხოლო ინგოლფსონის დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. შესვენებამდე მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა.
52-ე წუთზე ისლანდიელების შეტევის დროს ინგასონმა მარჯვენა ფლანგიდან საქართველოს ნაკრების საჯარიმოში ჩააწოდა და კარასონმა თავით ანგარიში გახსნა – 0:1. 63-ე წუთზე ნიკოლოზ სილაკაძემ დასწრებაზე ვარდნაში გოლის გატანას შეეცადა და ისლანდიელთა მეკარეს დაეჯახა, რომელიც შეცვალეს.
85-ე წუთზე ანდრია ბართიშვილმა, რომელიც ორივე გუნდში გამორჩეული იყო, ბურთი მეტოქის ნახევარზე ჩაჭრა და საჯარიმოში შესულმა ზუსტად დაარტყა – 1:1. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე თენგიზ ნებულიშვილმა ბურთი მეტოქის ნახევარზე დაკარგა და ისლანდიელმა მცველმა ჩვენს მეკარესთან პირისპირ არნარსონი გაიყვანა, რომელმაც ისლანდიელები ისევ დააწინაურა – 1:2.
ორ წუთში სკანდინავიელთა საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა სანდრო მიქაუტაძემ პასი გუნდის კაპიტან საბა ხარებაშვილს გაუკეთა, რომელმაც ძლიერი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. ბოლო დამატებულ მე-8 წუთზე ხარებაშვილს გადაცემის შესრულების დროს ფეხი დაუცდა და ბურთი ისლანდიელებს დარჩათ, ხოლო ასანიძესთან ერთი-ერთზე დარჩენილმა გუნარსონმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:3.
საქართველოს ნაკრებმა პირველი თამაში მონტენეგროსთან 1:1 დაასრულა და საბოლოოდ, ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. პირველ პოზიციაზე 4 ქულით ისლანდია გავიდა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას A ლიგიდან შეეცდება.
ცნობისთვის, ზურაბ ხიზანიშვილმა, რომელიც მანამდე ეროვნულ ნაკრებში ვილი სანიოლის თანაშემწე იყო, მთავარი მწვრთნელის რანგში გუნდს პირველად უხელმძღვანელა.
საქართველო – ისლანდია 2:3 (0:0)
9 ივნისი. თბილისი. დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი.
საქართველო: ასანიძე, კუპრავა, ხარებაშვილი (კ), შათირიშვილი, მარსაგიშვილი (დიაკონიძე, 56), შალიკიანი (მელაშვილი, 72), ციკოლია (ავდოევი, 72), კაკაშვილი, ბართიშვილი, ჩხეტიანი (ნებულიშვილი, 63), სილაკაძე (მიქაუტაძე, 72).
გოლები: 0:1 კარასონი (52), 1:1 ბართიშვილი (85), 1:2 არნარსონი (90+4), 2:2 ხარებაშვილი, 2:3 გუნარსონი.
გაფრთხილება: სილაკაძე (59), ნებულიშვილი (68), ინგასონი (88).
მთავარი მსაჯი: კარლ კოპელი.
ლაშა თაბაგარი





