ესპანეთის ლიგა ენდესას ნახევარფინალში ქართველი გულშემატკივარი ნამდვილ საკალათბურთო დერბის იხილავს — თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ და გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ. თუმცა, ჩვენი ეროვნული გუნდის მოქმედი კაპიტნისა და ყოფილი ცენტრის უშუალო დუელს პარკეტზე ამჯერად ვერ ვნახავთ, ვინაიდან შერმადინი მკურნალობის გამო მოკლებულია შესაძლებლობას, პლეი-ოფის გადამწყვეტ ბრძოლებში კანარელებს დაეხმაროს.
„ტენერიფემ“ მიმდინარე გათამაშებაში ნამდვილი სენსაცია უკვე გამოაცხო. რეგულარული სეზონის მერვე პოზიციაზე დამსრულებელმა კუნძულელებმა მეოთხედფინალურ ეტაპზე ტურნირის მთავარი ფავორიტი, პირველ ადგილზე გასული და ბოლო ორი წლის ჩემპიონი — მადრიდის „რეალი“ დაამარცხეს (სერია 2:1). „სამეფო კლუბთან“ დაპირისპირების მესამე, გადამწყვეტ შეხვედრას მადრიდის „Movistar Arena“-მ უმასპინძლა, სადაც სტუმრებმა მეტოქე შთამბეჭდავი ანგარიშით, 107:95 გაანადგურეს.
საკუთარი სერიის ფინალური აკორდი სტუმრად „ბარსელონამაც“ ეფექტურად შეასრულა, როდესაც „მურსიას“ გადამწყვეტ მატჩში შანსი არ დაუტოვა — 100:76. კატალონიელთა სასტარტო ხუთეულში მყოფმა 34 წლის ქართველმა მძიმე ფორვარდმა, თორნიკე შენგელიამ, მოედანზე გატარებულ 24 წუთში მრავალმხრივი და პროდუქტიული თამაში აჩვენა, დააგროვა 12 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი (რითაც საუკეთესო იყო თავის გუნდში), დაცვაში კი 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თოკომ ორქულიანები მაღალი პროცენტით გამოიყენა (6-დან 4 ჩაგდება), ხოლო საჯარიმოს ხაზიდან უშეცდომოდ იასპარეზა და ოთხივე სროლა ზუსტად შეასრულა.
რაც შეეხება მატჩის სხვა ლიდერებს, ბარსელონელთა რიგებში ყველაზე პროდუქტიული უილ კლაიბერნი გამოდგა, რომელმაც აქტივში 23 ქულა ჩაიწერა. კატალონიური გრანდის გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანეს ნიკოლას ლაპროვიტოლამ და კევინ პანტერმაც, რომლებმაც გუნდს 14-14 ქულა შესძინეს.





