საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სტრატეგიული განვითარების ახალ გეგმაზე მუშაობას აგრძელებს. UEFA GROW-ს პროგრამის ჩართულობით, სფფ-ის წარმომადგენლებმა და უეფას ექსპერტებმა კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გამართეს.
ორდღიანი ვორქშოფის პირველი დღე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტთან და შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან სამუშაო სესიებს დაეთმო, სადაც მონაწილეებმა ფეხბურთის განვითარების ძირითადი გამოწვევები და პრიორიტეტები განიხილეს. მეორე დღეს კი, პროცესში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის კლუბების წარმომადგენლები ჩაერთნენ. სამუშაო შეხვედრებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ საკითხებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც მიმდინარე წლის მარტში გამართული ორდღიანი ვორქშოფის ფარგლებში იყო განხილული.
სამუშაო შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებმა შეაჯამეს მიღებული ინფორმაცია, განიხილეს არსებული მდგომარეობის ანალიზის შედეგები და იმსჯელეს იმ სტრატეგიულ მიმართულებებზე, რომლებიც 2027-2031 წლების წლების სტრატეგიული განვითარების გეგმაში უნდა აისახოს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო სტრატეგიული განვითარების გეგმა 2022 წელს წარადგინა. უეფასთან თანამშრომლობით შექმნილი დოკუმენტი 5-წლიან ციკლს მოიცავდა. სტრატეგიული გეგმარების პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდა და მოიცვა ადგილობრივ საფეხბურთო ინდუსტრიაში შემავალი ყველა ძირითადი მიმართულება.





