თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ სტუმრად აუტსაიდერთა რიგებში მყოფ „გრანადას“ ეწვია. მატჩი კატალონიელთა სრული უპირატესობით დაიწყო, თუმცა მასპინძლებმა ხასიათი გამოავლინეს და მესამე პერიოდის მიწურულს ანგარიშიც გაათანაბრეს. გადამწყვეტ ათწუთეულში ნამდვილი დრამა გათამაშდა, სადაც სტუმრებმა კლასის ხარჯზე მაინც შეძლეს გამარჯვების გამოგლეჯა — 101:98.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, თოკო შენგელია, ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა. სარბიელზე გატარებულ თითქმის 21 წუთში მან 10 ქულა, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი დააგროვა. აღსანიშნავია, რომ თოკომ 10-დან 5 ორქულიანი გამოიყენა. მატჩის ბომბარდირი მისი თანაგუნდელი, კევინ პანტერი გახდა 19 ქულით.
ამ შეხვედრას კიდევ ერთი ქართული ელფერი უნდა ჰქონოდა, თუმცა მასპინძელთა რიგებში ტრავმის გამო ვერ ვიხილეთ ბექა ბურჯანაძე. სასიხარულოა, რომ ბექამ უკვე განაახლა საწვრთნელი პროცესი და მალე მოედანზეც ვიხილავთ. „ბარსელონა“ 22 მოგებით მესამე პოზიციას ინარჩუნებს, რეგულარულის დასრულებამდე კი მხოლოდ 3 ტურია დარჩენილი.





