კვარაცხელიას მე-8 გოლი ლიგა 1-ში და მიჯრით მეორე ჩემპიონობა

0
9

ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს შემადგენლობაში საფრანგეთის ლიგა 1 ზედიზედ მეორედ მოიგო. 29-ე ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში პარიზელები ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ „ლანს“ სტუმრად შეხვდნენ და 2:0 დაამარცხეს.
მატჩის 29-ე წუთზე უსმან დემბელემ „ლანსის“ ნახევარზე მცველს ბურთი აართვა და მეკარესთან პირისპირ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გაიყვანა, რომელმაც ჩემპიონატში თავისი მერვე გოლი გაიტანა. ხვიჩას პირველ ტაიმში ფეხში ჩაარტყეს და ტრავმას გადაურჩა, ხოლო შესვენების მერე სახეში მეტოქის ხელი მოხვდა. ის 67-ე წუთზე შეცვალეს, სტუმრებიდან კი საბოლოო ანგარიში ძირითადი დროსთვის მე-3 წუთზე მბაიემ დააფიქსირა.
პსჟ-ს ლიგა 1-ის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე 76 ქულა აქვს და მეორეადგილოსან „ლანსს“ 9 ქულით სჯობს. პარიზელები საფრანგეთის ჩემპიონები ზედიზედ მეხუთედ, ხოლო საერთო ჯამში მეთოთხმეტედ გახდნენ, რაც რეკორდია.
ესპანელმა სპეციალისტმა ლუის ენრიკემ სამი წლის განმავლობაში პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის რანგში მე-11 ტიტული მოიგო, ხოლო კარიერაში მე-20.
მან პარიზელებთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატში 3-ჯერ, საფრანგეთის თასზე 2-ჯერ, საფრანგეთის სუპერთასზე 3-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში, ევროპის სუპერთასზე და საკონტინენტთაშორისო თასზე თითოჯერ გაიმარჯვა.
ლუის ენრიკემ „ბარსელონას“ ესპანეთის ლი ლიგა 2-ჯერ, ესპანეთის თასი 3-ჯერ, ხოლო ესპანეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი თითოჯერ მოაგებინა.
შეგახსენებთ, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა და 30 მაისს ბუდაპეშტში „პუშკაშ არენაზე“ ლონდონის „არსენალს“ შეხვდება.
ლაშა თაბაგარი