მიქაუტაძემ ესპანეთში მეთორმეტედ გაიტანა

0
3

გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც „ვილიარეალში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, ესპანეთის ლა ლიგაში მე-12 გოლი გაიტანა. 36-ე ტურში „ვილიარეალმა“ ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ „სევილიას“ უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 70 წუთი გაატარა. მე-13 წუთზე მიქაუტაძე მეტოქის ნახევარზე სტუმართა ორ ფეხბურთელს გაცდა და საგოლე პასი მორენოს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა. მე-20 წუთზე „სევილიას“ საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა მოლეირომ გადაცემა კარის შორეულ ძელთან მდგომ მიქაუტაძეს მისცა, რომელმაც ვარდნაში გაიტანა. მან ამ სეზონში ლა ლიგაში ჩატარებულ 31 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 12-ჯერ აიღო და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. „სევილიამ“ ანგარიში შესვენებამდე გაათანაბრა, ხოლო სტუმრებიდან 72-ე წუთზე თავი ადამსმა გამოიჩინა და ეს გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა.
„ვილიარეალი“ 69 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მესამე და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფაზაში ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი