„არსენალი“ 20 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალშია

0
6

ლონდონის „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 20-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა. ესპანელი მიკელ არტეტას გაწვრთნილებმა 1/2-ფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრად მადრიდის „ატლეტიკოსთან“ 1:1 ითამაშეს, ხოლო თავის მოედანზე ესპანელებს მინიმალური ანგარიშით აჯობეს.
მატჩის 44-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფი ტროსარის დარტყმის შემდეგ ობლაკმა ბურთი მოიგერია, ხოლო საკამ მცველებს დაასწრო და ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში „ატლეტიკოდან“ თავის გამოჩენის თავი ჯულიანო სიმეონეს ჰქონდა, რომელიც საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ ბურთი კარში ვერ გადაგზავნა.
66-ე წუთზე ლონდონელთა შეტევის დროს, მარცხენა ფლანგიდან პასი საჯარიმოში გაკეთდა, სადაც კარის წინ მდგომმა დიოკერეშმა ერთი შეხებით გოლის გატანის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და „არსენალმა“ თავის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ 14 მატჩი წაუგებლად ჩაატარა. მატჩის მიწურულს “ატლეტიკოს” თავკაც დიეგო სიმეონეს შეხლა-შემოხლა “არსენალის” სპორტულ დირექტორ ანდრეა ბერტასთან მოუვიდა, რომელიც ადრე მადრიდულ კლუბში მუშაობდა.
არტეტამ მწვრთნელის რანგში გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველად გაიყვანა. მისი ხელმძღვანელობით ლონდონელებმა ყველა ტურნირში 41 თამაში მოიგეს, რაც კლუბის რეკორდის გამეორებაა. მიმდინარე სეზონში „არსენალმა“ 30 მატჩში გოლი არ გაუშვა, რაც 1993-1994 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა.
30 მაისს ბუდაპეშტში „პუშკაშ არენაზე“ გასამართ ფინალში „არსენალის“ მეტოქე „ბაიერნსა“ და პსჟ-ს შორის გამარჯვებული იქნება. ლონდონელებმა ფინალში პირველად 2006 წელს ითამაშეს და „ბარსელონასთან“ 1:2 წააგეს.
ლაშა თაბაგარი