კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში ქუთაისის „ტორპედომ“ „რუსთავი“ მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
მატჩის 33-ე წუთზე „ტორპედოს“ ბრაზილიელმა მცველმა ვარლეიმ თავის საჯარიმოსთან ახლოს თანამემამულე ფორვარდი ალმეიდა წააქცია და არბიტრმა თავდაპირველად ყვითელი ბარათი აჩვენა. თუმცა, გიორგი ყრუაშვილმა ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და ქუთაისელი ფეხბურთელი გააძევა.
„ტორპედოს“ გერმანელმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა თამაშიდან თავდამსხმელი დიეგო დეისაძე მოხსნა და მცველი მოჰამედ შერიფი შეიყვანა. ამ ფაქტმა ქუთაისელი გულშემატკივრების უკმაყოფილო გამოიწვია.
ტაიმის მიწურულს განელი თავდამსხმელი კესი გვინეა-ბისაუელ სორი მანეს გაექცა და საჯარიმოში შესული კარიდან გამოსულ სერბ ფილიპ კლიაიჩსაც გაცდა, მაგრამ კარში ვერ დაარტყა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ცოტა ხანში, სტუმართა საჯარიმოში შეჭრილმა სერბმა ფორვარდმა კომნენ ანდრიჩი კარიდან გამოსულ პაპუნა ბერუაშვილს კი დაასწრო, მაგრამ საბოლოოდ “რუსთავის” მეკარემ კარში არ დაარტყმევინა.
მე-60 წუთზე სტუმართა შეტევის დროს, რუსთაველმა მოთამაშემ მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში ჩააწოდა და იაპონელი იუტა ნაკანოს თავურის მერე, ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. 72-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან კესის პასის მერე, „ტორპედოს“ საჯარიმოშ ბურთს მიმართულება ბრაზილიელმა ჯექსონ კენიომ შეუცვალა, ხოლო კართან ძალიან ახლოს მდგომმა ალმეიდამ ძალიან არაზუსტად დაარტყა და ასპროცენტიანი შანსი გაანიავა. ამის შემდეგ, შეტევაში მცველი ნიკოლოზ ჩიქოვანი ჩაერთო და საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა ძლიერად დაარტყა, მაგრამ კლიაიჩმა ბურთი მოიგერია.
88-ე წუთზე ნიკოლოზ ქუთათელაძემ, რომელიც შეცვლაზე შევიდა, თავის ძმა ალექსანდრე ქუთათელძესთან „კედელი“ გაითამაშა და საჯარიმოში შესულმა ანგარიში გახსნა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე გიორგი კოხრეიძემ, რომელმაც გიორგი არაბიძე შეცვალა, ვარდნაში პასი ანდრიჩს გაუკეთა, ხოლო სერბმა ფორვარდმა ფინტით ვაჟა ფაცაცია ჩამოიცილა და საპასუხო ბურთი გაიტანა.
გიორგი ცეცაძის გაწვრთნილი „რუსთავი“ 19 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მეორე ადგილზეა, ხოლო „ტორპედო“ 16 ქულით მესამეა.
ტორპედო 1:1 რუსთავი
ლაშა თაბაგარი




