29 მარტს, საქართველოს ნაკრები წლის პირველი შეკრების მეორე ამხანაგურ მატჩს ლიეტუვის წინააღმდეგ გამართავს. მატჩამდე ერთი დღით ადრე ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ “დარიაუს ირ გირენო” სტადიონზე ივარჯიშა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, ტრადიციულ პრესკონფერენციაზე, ჩვენი გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილმა მედიის კითხვებს უპასუხა.
გიორგი მამარდაშვილი: “რთული მატჩი გველის. გასვლაზე თამაში მარტივი არასდროსაა. ვეცდებით, ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ და გამარჯვება მოვიპოვოთ. ფეხბურთელები და სტაფი ვცდილობთ, რომ ერთად გამოვასწოროთ ჩვენი თამაში. ეს ამხანაგური მატჩები კარგი შესაძლებლობაა კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი თამაში როგორც ტაქტიკურად, ისე მენტალურად და ფიზიკურად.
შედარებით ახალგაზრდა გუნდი ვართ, ვიდრე ვიყავით და უფრო მეტად უნდა გავუგოთ ერთმანეთს, უკეთ შევთამაშდეთ. ამ მატჩებს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ სექტემბერს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ და კარგი თამაში ვაჩვენოთ”.
ლიეტუვისა და საქართველოს ეროვნული გუნდების შეხვედრა 29 მარტს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ლაშა თაბაგარი





