სანიოლი: “ფეხბურთელებმა იციან, რომ მოსაგებად ასი პროცენტი უნდა გაიღონ”

0
12

29 მარტს, საქართველოს ნაკრები წლის პირველი შეკრების მეორე ამხანაგურ მატჩს ლიეტუვის წინააღმდეგ გამართავს. მატჩამდე ერთი დღით ადრე ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ “დარიაუს ირ გირენო” სტადიონზე ივარჯიშა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, ტრადიციულ პრესკონფერენციაზე, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მედიის კითხვებს უპასუხა.
ვილი სანიოლი: “ლიეტუვის ნაკრებს ხანგრძლივი მოუგებელი სერია ჰქონდა, ორი დღის წინ კი მოლდოვა დაამარცხა, რაც გუნდის თავდაჯერებაზე დადებითად აისახება. სწორედ ამიტომ, რთულ თამაშს ველით. სტუმრად ვთამაშობთ და დარწმუნებული ვარ, მეტოქე საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ყველაფერს გააკეთებს კარგი თამაშის ჩასატარებლად. თუმცა, ეს ჩვენთვისაც კარგია, რადგან მეტოქის მონდომება მოულოდნელობა არ იქნება. ჩემმა ფეხბურთელებმა იციან, რომ მოსაგებად ასი პროცენტი უნდა გაიღონ.
ჩაკვეტაძე უკვე ერთი წელია, სომხეთთან მატჩის შემდეგ გვაკლია. ის დიდი ძალაა ჩვენთვის. გიორგი ისრაელთან მატჩის წინ დაგვიბრუნდა, თუმცა მცირე პრობლემების გამო არ უთამაშია. დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ ვიმედოვნებ, რომ ხვალინდელ შეხვედრაში დაგვეხმარება.
მარტისა და ივნისის ამხანაგური მატჩები შესაძლებლობაა, ვნახოთ სხვადასხვა ფეხბურთელი, მათ შორის, განსხვავებულ პოზიციებზე. მაგალითად, როგორც ეს გიზი მამაგეიშვილის შემთხვევაში იყო, რომელმაც ისრაელთან მარჯვენა ფლანგზე ითამაშა. ხვალ მეორე მატჩი გვაქვს და ახალი ენერგია გვჭირდება. შესაბამისად, შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება”.
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი).
მცველები: ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა).
ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი გულიაშვილი (რასინგი, ესპანეთი), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი).
ლიეტუვისა და საქართველოს ეროვნული გუნდების შეხვედრა 29 მარტს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ლაშა თაბაგარი