ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ლიდერი სანტანდერის „რასინგი“, რომელშიც გიორგი გულიაშვილი გამოდის, 31-ე ტურში მოულოდნელად თავის მოედანზე „ალბასეტესთან“ 0:4 განადგურდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს. მეორე ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში მეტოქის საჯარიმოში მყოფმა გულიაშვილმა თავით სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ბურთი კარს აცდა.
შეხვედრის მე-3 წუთზე „ალბასეტე“ ბეტანკურმა დააწინაურა, ხოლო სამ წუთში მასპინძლების კარი პუერტასმა აიღო. 34-ე წუთზე „რასინგს“ უხეშობისთვის ნახევარმცველი კანალესი გაუძევეს. 69-ე წუთზე სტუმრებიდან თავი რუბიომ გამოიჩინა, რომელმაც 82-ე წუთზე დუბლი შეასრულა.
„რასინგს“ 59 ქულა აქვს და 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველია – მეორედგილოსან ლა კორუნიას „დეპორტივოს“ ოთხი ქულით სჯობს.
ლაშა თაბაგარი




