ბორჯღალოსნები | მომავალი მეტოქე – ტონგა

0
0

მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის მორიგ შეხვედრაში, ბორჯღალოსნები ტონგას 14 ნოემბერს, “ავჭალაზე” უმასპინძლებენ. თამაში 18:00 საათზე დაიწყება.
ერთა თასის ნოემბრის კამპანიის პირველ მატჩში, ბორჯღალოსნებმა კანადა რეკორდული სხვაობით, 59:14 დაამარცხეს და ევროპა-აზია-აფრიკის ჯგუფს ოთხიდან ოთხი მოგებითა და 19 ქულით ლიდერობენ.
ტონგამ 6 ნოემბერს რუმინეთს ბუქარესტში 43:38 სძლია და საქართველოში კარგ ხასიათზე მოდის. ჯამში, ზაფხულის თამაშების გათვალისწინებით, კუნძულელებს ორი მოგება (რუმინეთთან და ზიმბაბვესთან 36:26) და ორი მარცხი (ესპანეთთან 19:32 და პორტუგალიასთან 28:32) აქვთ, 12 საცხრილო ქულა მოაგროვეს და ამერიკა-ოკეანეთის ჯგუფში სამოასთან მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ.
მომავალი თამაშის წინ ბორჯღალოსნების გაფართოებულ შემადგენლობას გამოცდილი მგეზავი თედო აბჟანდაძე დაემატა. გუნდი “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე ინტენსიურად ემზადება და ტონგასთან ერთიერთშეხვედრებში მე-7 გამარჯვებას გეგმავს.
კანადასთან დიდი სხვაობით გამარჯვებამ, ბორჯღალოსნებს მსოფლიო რაგბის რეიტინგში ვერაფერი შემატა და 73.94 ქულით მე-13 ადგილზეა. ტონგამ რუმინეთში გამარჯვებით ერთბაშად ორი საფეხურით წინ წაიწია, 65.87 სარეიტინგო ქულა მოაგროვა და მე-17 პოზიციაზეა.
ჩვენ და ტონგა
საქართველოს ტონგას წინააღმდეგ აქამდე 8-ჯერ უთამაშია და ექვს შემთხვევაში გამარჯვება მოიპოვა. მეტოქემ მხოლოდ ორი შეხვედრა მოიგო, ბოლოს 2014 წელს, მას შემდეგ კი ბორჯღალოსნებს 5-მატჩიანი წარმატებული სერია აქვს.
კუნძულელებთან ურთიერთშეხვედრების ისტორია სათავეს 1999 წლიდან იღებს. მაშინ ბორჯღალოსნები ტონგას მსოფლიო თასის საგზურისთვის შეხვდნენ და პირველი მატჩი ნუკუალოფაში 6:37 დათმეს. სამი კვირის თავზე “დონამოზე” რევანში შედგა, მაგრამ საქართველომ მხოლოდ ერთი ქულის სხვაობით, 28:27 გაიმარჯვა და ორი მატჩის ჯამში მსოფლიო თასზე ტონგა გავიდა, საქართველოს დებიუტი კი 4 წლით გადაიდო.
ტონგასთან მორიგ თამაშამდე მთელი 15 წელი გავიდა და მესამე დაპირისპირება 2014 წელს შედგა. ამ მეტოქესთან პირველი ტესტ-მატჩი “მიხეილ მესხზე” გაიმართა და სტუმრებმა დამაჯერებლად, 23:9 მოიგეს. ეს იყო მათი მეორე და ბოლო გამარჯვება საქართველსთან.
მთავარი დაპირისპირება 2015 წლის მსოფლიო თასზე შედგა. საქართველომ ტონგა ინგლისში, გლოსთერში 17:10 დაამარცხა და იმ მსოფლიო თასზე ისტორიული შედეგი (ორი გამარჯვება) აჩვენა. 2016 და 2018 წლებში ტონგას ორჯერ ვეთამაშეთ ფიჯიზე, სუვაში და ორივეჯერ გავიმარჯვეთ – 23:20 და 16:15. 2018 წელს ტონგა საპასუხოდ თბილისში გვეწვია და 20:9 გავიმარჯვეთ, 2024 წელს კი, მეტოქეს “მიხეილ მესხზე” ჯერჯერობით რეკორდული სხვაობით, 22:7 ვძლიეთ.
განვლილ 8 თამაშში ბორჯღალოსნებმა გაიტანეს 14 ლელო და 141 ქულა, თავად კი 18 ლელო და 148 ქულა მიიღეს.
rugby.ge