დავითაშვილმა გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა

0
10

საფრანგეთის ლიგა 2-ის 28-ე ტურში „სენტ-ეტიენმა“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ზურიკო დავითაშვილია შინ „ენესი“ 4:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და გოლთან ერთად, საგოლე პასი მიითვალა.
მატჩის მე-18 წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა დავითაშვილმა ბურთიანად მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და „ენესის“ საჯარიმოში პედრო მოძებნა, რომელმაც თავით გაიტანა. 23-ე წუთზე მასპინძლებიდან თავი კარდონამ გამოიჩინა. 33-ე წუთზე სტასენმა ანგარიშში სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე სტუმართა საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილმა დავითაშვილმა წინ გამოსულ მეკარეს ბურთი თავს ზემოთ არაზუსტად გადაუგდო და გოლის გატანის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.
63-ე წუთზე „ენესის“ საჯარიმოში მდგომმა დავითაშვილმა მცველის მიერ თავით მოგერიებული ბურთი მარცხენა ფეხით მიწაზე დაუშვებლად კარის ბადეში გაახვია. მან გოლი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს ხსოვნას მიუძღვნა.
დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ში ჩატარებულ 24 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. ის ბომბარდირთა დავაში „ტრუას“ მაროკოელ ფორვარდ ბენტაიებს 3 ბურთით ჩამორჩება.
„სენტ-ეტიენი“ 53 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა – ლიდერი 57 ქულით „ტრუაა“.
ლაშა თაბაგარი