პსჟ-ს თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიას მიაჩნია, რომ 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში შინ ლონდონის „ჩელსისთან“ 5:2 გამარჯვების მიუხედავად, ჯერ შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობა გარკვეული არაა. ქართველმა ფეხბურთელმა განვლილ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
„საუცხოო მატჩი ჩავატარეთ. ვეცადეთ ბოლომდე გვეთამაშა და ამოცანას თავი ბრწყინვალედ გავართვით. „ჩელსისთან“ სამბურთიანი სხვაობით გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საპასუხო შეხვედრა წინ გველოდება. გადაწყვეტილი არაფერია და შემდეგ თამაშზე კონცენტრირებული ვართ. დღეს კმაყოფილი ვართ, მაგრამ ხვალიდან საპასუხო თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ.
გუნდურად საუცხოოდ ვიმუშავეთ. როდესაც ანგარიში 3:2 და 4:2 იყო, გოლის გატანა კიდევ გვსურდა. მთელ მოედანზე მშვენივრად ვიმუშავეთ – თავდასხმაშიც და დაცვაშიც. ძალიან მიხარია, რომ გუნდს დავეხმარე. ახლა იმავე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ“ – განაცხადა საქართველოს ნაკრების ლიდერმა.
კვარცხელია უეფას მიერ ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშის წოდებაზეა წარდგენილი ფედერიკო ვალვერდესთან („რეალი“), ხულიან ალვარესთან („ატლეტიკო“) და მაიკლ ოლისესთან („ბაიერნი“) ერთად.
ლაშა თაბაგარი





