„მეცმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების სამი ფეხბურთელი გამოდის, საფრანგეთის ლიგა 1-ში კიდევ ერთი მატჩი წააგო. 24-ე ტურში მეცელები შინ 0:1 დამარცხდნენ „ბრესტთან“, რომელსაც 22-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა, რადგან უხეშობისთვის მცველი გინდო გაუძევეს.
გარემარბმა გიორგი წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 51-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. გიორგი აბუაშვილი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია 59-ეზე. „ბრესტიდან“ ერთადერთი გოლი 69-ე წუთზე აჟორკმა გაიტანა.
განვლილ შეხვედრას ჩვენი ეროვნული გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე დაესწრო, რომელსაც თავის დროზე ლიგა 1-ში დებიუტი „მეცში“ ჰქონდა და არაერთი გოლი გაიტანა, ხოლო ამჟამად „ვილიარეალშია“.
„მეცს“ ჩემპიონატში ზედიზედ 12 მატჩია არ მოუგია (10 მარცხი და 2 ფრე) – 13 ქულით 18 გუნდში ბოლოა.
ლაშა თაბაგარი





