გულიაშვილის პირველი დუბლი ესპანეთში

0
11

გიორგი გულიაშვილმა ზამთარში სანტანდერის „რასინგში“ გადასვლის შემდეგ, ესპანეთის ლიგა 2-ში თავისი პირველი დუბლი მიითვალა.
28-ე ტურში „რასინგი“ გასვლაზე სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტ „კასტელიონს“ დაუპირისპირდა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის წყალობით 3:1 დაამარცხა.
გულიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-19 წუთზე საკუთარ საჯარიმოში მასპინძლების მცველის შეცდომის შემდეგ, მეკარეს გაცდენილმა ანგარიში გახსნა – 0:1.
34-ე წუთზე გიორგი მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში პასი მანტილას გაუკეთა, რომელმაც თავით გაიტანა – 0:2. 42-ე წუთზე „კასტელიონის“ საჯარიმოში გულიაშვილმა მცველს ბურთი აართვა და მეკარესთან პირისპირ გასულმა დუბლი შეასრულა – 0:3. მანამდე, მას „რასინგის“ მაისურით ოფიციალურ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია. გიორგი 67-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებიდან ერთადერთი ბურთი  79-ე წუთზე სუერომ შეაგდო.
„რასინგი“ 53 ქულით 22-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია და „კასტელიონს“ 4 ქულით სჯობს.
ლაშა თაბაგარი