მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ იამალთან ვერაფერი გააწყო

0
42

„ვილიარეალი“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, ესპანეთის ლა ლიგის 26-ე ტურში სტუმრად „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და 1:4 წააგო. განვლილი შეხვედრა ლამინ იამალის ბენეფისი აღმოჩნდა, რომელმაც კატალონიელთა მაისურით ჩემპიონატში თავისი პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა.
შეხვედრის 28-ე წუთზე „ვილიარეალის“ ნახევარმცველმა გეიემ მოედნის ცენტრში ბურთი დაკარგა და ფერმინ ლოპესის პასის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ გაუსლმა იამალმა ანგარიში გახსნა.
37-ე წუთზე იამალმა ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო და ცენტრისკენ შეწეული ჯერ კარდონას გაცდა, ხოლო საჯარიმოში მოლეიროს გაექცა, რის შემდეგ შორეულ „ცხრიანში“ გაიტანა.
49-ე წუთზე პეპემ კუთხური ჩააწოდა და მეტოქის საჯარიმოში მდგომმა მოურინიომ კარში ხეირიანად ვერ დაარტყა, მაგრამ პასი გეიეს მისამართით გამოუვიდა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე გაქვითა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში, საჯარიმოს გარეთ წინ გამოსული მეკარე ხუან გარსია შეცდა და ბურთი აიოზო პერესს დარჩა, რომელმაც ცარიელ კარს ააცილა. არადა, მას პასიც გაკეთებაც შეეძლო ხელსაყრელ პოზიციაში მყოფი მიქაუტაძისთვის.
69-ე წუთზე პედრიმ საუცხოო პასით მეკარესთან მარტო იამალი დატოვა, რომელმაც მარჯვენა მახვილი კუთხიდან შეაგდო.
მიქაუტაძეს გოლის გატანის შანსი არ ჰქონია, მან ორჯერ მოედნის ცენტრში ძალიან კარგად ითამაშა და რამდენიმე მეტოქეს გაცდა – პირველ შემთხვევაში ქართველი ფორვარდი წესის დარღვევით შეაჩერეს, ხოლო მეორედ პერესს გაუკეთა პასი, რომელმაც ბურთი დაკარგა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე მეკარესთან ერთი-ერთზე გასულმა კუნდემ კარში არ დაარტყა და პასი რობერტ ლევანდოვსკის გაუკეთა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ვილიარელი“ 48 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი