კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალშია

0
40

ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს მაისურით მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თავისი მე-4 გოლი გაიტანა. 1/8-ფინალში მოსახვედრი პლეი-ოფის მეორე შეხვედრა პარიზელებმა შინ „მონაკოსთან“ 2:2 დაასრულეს და ვინაიდან პირველი თამაში 3:2 მოიგეს, ტიტულის შესანარჩუნებლად ბრძოლას აგრძელებენ.
განვლილი შეხვედრის მე-9 წუთზე ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ხელიდან კულიბალიმ გაუშვა, როდესაც მასპინძლების საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაში მყოფმა ბურთი კარს გადააცილა. 21-ე წუთზე, კვარაცხელიამ საჯარიმო დარტყმა „გამოიმუშავა“, რომელიც დაახლოებით 22 მეტრიდან თავად არაზუსტად შეასრულა. 41-ე წუთზე პარიზელთა კომბინაცია დარტყმით მონაკოს საჯარიმოში შეჭრილმა ბარკოლამ დაასრულა, მაგრამ ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
45-ე წუთზე „მონაკომ“ კარგი კომბინაცია გაითამაშეს და პსჟ-ს საჯარიმოში მდგომმა აკლუშმა ზუსტი დარტყმით სტუმრები დააწინაურა – 0:1.
58-ე წუთზე კულიბალიმ უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. ამ ეპიზოდიდან ორ წუთში მეტოქოს საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა დეზირე დუემ პასი შეტევაში ჩართულ მარკინიოს გაუკეთა და პსჟ-ს კაპიტანმა ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
66-ე წუთზე აშრაფ ჰაკიმიმ დაახლოებით 20 მეტრიდან დარტყმული ბურთი მეკარემ ბურთი მოიგერია, თუმცა კვარაცხელიამ მცველს დაასწრო და ერთი შეხებით გაიტანა – 2:1. ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე „მონაკოდან“ ანგარიში ტეზემ გაათანაბრა. შეხვედრის ბოლო წუთზე სტუმრებმა საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი პსჟ-ს კართან ჩაჰკიდეს და ფაესმა თავური დარტყმით „მონაკოს“ წინ გაყვანის კარგი შანსი ხელიდან გაუშვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა. მან მიმდინარე გათამაშებაში 4 გოლის გატანის გარდა 3 საგოლე პასი გააკეთა და ჩემპიონთა ლიგაში პსჟ-ს ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია. კვარაცხელიას ანგარიშზე საფრანგეთის ლიგა 1-ში ასევე 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. მან საკონტინენტთაშორისო თასზე ჩატარებულ ერთ შეხვედრაში ერთი გოლი მიითვალა.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის კენჭისყრა პარასკევს 27 თებერვალს ჩატარდება და პსჟ-ს მეტოქე „ჩელსი“ ან „ბარსელონა“ იქნება.
ლაშა თაბაგარი