ხვიჩა კვარაცხელიას მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში დიდი მნიშვნელობა არ აქვს პსჟ-ს მეტოქედ „ჩელსი“ შეხვდება თუ „ბარსელონა“, რადგან თამაში ორივე გუნდთან თანაბრად შეუძლიათ. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მოსახვედრ პლეი-ოფში შინ „მონაკოსთან“ 2:2 დასრულებული საპასუხო შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელშიც გოლი გაიტანა.
„ვფიქრობ, ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ გოლი გავუშვით. გოლამდე ბევრი შანსი გვქონდა. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ „მონაკო“ ძალიან ძლიერი გუნდია შეტევაში, რომელიც კონტრშეტევებზე ძალიან კარგად თამაშობს. მონაკოელებმა გოლი გაიტანეს, მაგრამ ვფიქრობ, მეორე ტაიმში თამაშში ძალიან კარგად დავბრუნდით.
ბოლო 15 წუთში გოლი ისევ გავუშვით და ამის შემდეგ თამაში ცოტა შეიცვალა. თუმცა მთლიანობაში, მეორე ტაიმში საუცხოოდ გამოვიყურებიდით, ასე რომ, ყველაფერი ნორმალურადაა.
ვფიქრობ, დღეს ბევრ რამეს წყვეტდა ის, რა მდგომარეობაში ვიყავით პირველი თამაშის შემდეგ. ერთ მომენტში თავდაჯერება დავკარგეთ, მაგრამ გასახდელში მწვრთნელი რომ დაგველაპარაკა, ამის შემდეგ ძალიან დიდი მოტივაცია მივიღეთ და ისევ კარგად ვითამაშეთ.
„ჩელსი“ თუ „ბარსელონა“? ორივესთან თამაში შეგვიძლია, ვნახოთ, რომელი იქნება მზად ამ მატჩისთვის, რა თქმა უნდა, ვნახოთ, რომელს შევხვდებით“ – განაცხადა საქართველოს ეროვნული გუნდის ლიდერმა.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის კენჭისყრა პარასკევს 27 თებერვალს ჩატარდება და პსჟ-ს მეტოქე „ჩელსი“ ან „ბარსელონა“ იქნება.
ლაშა თაბაგარი





