სანდრო მამუკელაშვილი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ პირველობაზე ბრწყინვალე გამოსვლას განაგრძობს. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ბოლო ოთხ მატჩში 78 ქულის დაგროვება მოახერხა!
“ტორონტო რეპტორზმა” მიჯრით მესამე საგარეო შეხვედრა მოიგო და ამ გამარჯვებაში ლომის წილი მამუკელაშვილმა დაიდო. კანადელებმა ამჯერად არვიდას საბონისის და ვლადიმერ სტეფანიას ყოფილ გუნდს “პორტლენდ თრეილ ბლეიზერზს” 110:98 სძლიეს, სანდროს კი ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მაღალი, 25, მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა.
ზედიზედ მეორე შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა მამუკელაშვილმა 35 წუთში 22 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრა შეასრულა.
“რეპტილიები” მომდევნო შეხვედრას კვლავ სტუმრად, ამჯერად ნბა-ს მოქმედ ჩემპიონ “ოკლაჰომა სიტი თანდერის” წინააღმდეგ ჩაატარებენ.





