დემბელე ფიფას ვერსიით საუკეთესოა – სანიოლის და კაშიას არჩევანი

0
13

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და პსჟ-ს თავდამსხმელი უსმან დემბელე ფიფას ვერსიით სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მან გამოკითხვაში, რომელშიც ფიფას წევრი ქვეყნების ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელები, კაპიტნები და ასევე ჟურნალისტები მონაწილეობენ 50 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
28 წლის დემბელემ ესპანეთის ეროვნული გუნდისა და “ბარსელონას” გარემარბ ლამინ იამალს (39) ქულა, აგრეთვე საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ფორვარდ კილიან მბაპეს (35) აჯობა.
გასულ სეზონში დემბელემ პსჟ-სთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი და უეფას ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ამასთანავე, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა. იგი “ოქროს ბურთის” გამარჯვებულიც გახდა. დემბელემ 2024-2025 წლების სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 53 მატჩში 35 გოლი გაიტანა და 16 საგოლე პასი გააკეთა.
მან კუთვნილი პრიზი The Best FIFA-ს ყოველწლიურ დაჯილდოვების ცერემონიალზე მიიღო, რომელიც კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრანგი მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის სამეული ასე გამოიყურება:
1. უსმან დემბელე 2. ვიტინია 3. აშრაფ ჰაკიმი.
ჩვენი ეროვნული გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ კი ასეთი არჩევანი გააკეთა:
1. უსმან დემბელე 2. ლამინ იამალი 3. ვიტინია.
რაც შეეხება ჟურნალისტს, ამჯერად ხმა მამუკა კვარაცხელიამ მისცა, რომელმაც შემდეგ სამეული შეარჩია:
1. უსმან დემბელე 2. კილიან მბაპე 3. აშრაფ ჰაკიმი.
The Best FIFA-ს ყველა გამარჯვებულის სია ასე გამოიყურება:
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი
აიტანა ბონმატი (ბარსელონა, ესპანეთი)
საუკეთესო მწვრთნელი
ლუის ენრიკე (პსჟ)
პუშკაშის ჯილდო (მამაკაცებში წლის საუკეთესო გოლი)
სანტიაგო მონტიელი (ინდეპენდიენტე)
მარტას ჯილდო (ქალებში წლის საუკეთესო გოლი)
ლიზბეტ ოვალე (ტიგრესი)
წლის საუკეთესო მეკარე
ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ/მანჩესტერ სიტი, იტალია)
ჰანა ჰემპტონი (ჩელსი, ინგლისი)
წლის საუკეთესო გულშემატკივრები
საფეხბურთო კლუბი ზახო (ერაყი)
ფიფას ფეარ-პლეის ჯილდო
ანდრეას ჰარლაას-ნოიკინგი (რეგენსბურგის ექიმი)
სიმბოლური ნაკრები
ჯანლუიჯი დონარუმა, აშრაფ ჰაკიმი, ვილიან პაჩო, ვირჯილ ვან დეიკი, ნუნუ მენდეში, კოლ პალმერი, ჯუდ ბელინგემი, ვიტინია, პედრი, ლამინ იამალი, უსმან დემბელე.

ლაშა თაბაგარი