ვალერი გაგუას ხელმძღვანელობით „თელავმა“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში თბილისში დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე წყალტუბოს „სამგურალი“ 3:0 დაამარცხა და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე გავიდა. თელაველები ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ლადო ბურდულის გაწვრთნილ ტყიბულის „მეშახტეს“ შეხვდებიან, რომელმაც კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში მე-3 ადგილი დაიკავა.
უშუალოდ მატჩში განვითარებულ მოვლენებს რაც შეეხება, მე-3 წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა ელდარ პარკინაშვილმა მარცხენა ფლანგიდან პასი საჯარიმოში გიორგი ჩხეტიანს გაუკეთა, რომელმაც ბურთი ერთი შეხებით დაამუშავა, ხოლო მეორეთი კარში გადაგზავნა – 1:0. მან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა.
84-ე წუთზე თელაველთა კონტრშეტევის დროს ესპანელმა ინიგო მარტინმა ბურთი მიხეილ ბაშალეიშვილს გადააწოდა, რომელიც ორ მეტოქეს გაცდა და საჯარიმოს ხაზიდან „სამგურალის“ კარი აიღო – 2:0.
ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე მასპინძლების მორიგი კონტრიერიშის დროს ბაშალეიშვილმა პასი ვატო არველაძეს გაუკეთა, რომელიც საჯარიმოში შევიდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0. თელაველებმა ჩემპიონატი 36 ქულით დაასრულეს.
თელავი 3:0 სამგურალი
ლაშა თაბაგარი





