„იბერია“ ზედიზედ მეორედ გაჩემპიონდა – თბილისელებს „დილასთან“ თასის ფინალი ელოდებათ

0
14

თბილისის „იბერიამ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო, ხოლო არსებობის ისტორიაში საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლები მესამედ მოიპოვა. პირველად თბილისელები 2018 წელს გაჩემპიონდნენ და მაშინ გუნდს “საბურთალო” ერქვა.
36-ე ტურში „იბერიამ“ „გაგრა“ მიიღო და 2:1 აჯობა და რადგან თბილისელთა უშუალო კონკურენტმა „დილამ“ შინ „დინამოსთან“ 2:2 ითამაშა, გუგა ნერგაძის გუნდმა გორელებს ორი ქულით გაასწრეს. თამაში მაყურებლების გარეშე ჩატარდა, მაგრამ „იბერიას“ ქომაგები სტადიონის გარეთ შეიკრიბნენ და თავის გუნდს ამხნევებდნენ. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გულშემატკივრები რომ არ დაიშვებოდნენ ამის შესახებ „იბერიას“ პრესსამსახურმა ინფორმაცია თამაშამდე გაავრცელა, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ასეთი გადაწყვეტილება რატომ მიიღო არ განუმარტავს.
თბილისში ჩატარებული მატჩის 24-ე წუთზე „იბერიას“ მარცხენა მცველმა გიორგი ჯინჯოლავამ „კედელი“ ნიკოლოზ დადიანთან გაითამაშა და დაახლოებით 20 მეტრიდან მარჯვენა ფეხით დაარტყა და ანგარიში გახსნა – 1:0.
29-ე წუთზე სტუმართა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ვანდერსონ სილვამ ცუდად დაუბრუნა მეკარეს ბურთი, რომლის დაუფლებას თბილისელთა თავდამსხმელი ირაკლი ძაგანია ვარდნაში შეეცადა, მაგრამ თამაშსი წესი დაარღვია. მთავარმა მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა მას ჯერ ყვითელი ბარათი აჩვენა, მაგრამ ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ გააძევა.
მე-60 წუთზე მეტოქის ნახევარზემ მყოფმა ბრაზილიელმა კლაუდინეიმ საჯარიმოში ჩააწოდა და დავით მუჯირმა ქუსლით ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა – 1:1.
61-ე წუთზე დადიანმა დაახლოებით 25 მეტრიდან და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, ხოლო კარის წინ მდგომმა „იბერიას“ კაპიტანმა გიზო მამაგეიშვილმა ერთი შეხებით გაიტანა – 2:1.  75-ე წუთზე „გაგრას“ უკრაინელი ლეგიონერი ილია სკრიპნიკი უკნიდან ძალიან უხეშად ჩაუვარდა ფეხებში დადიანს და წითელი ბარათი მიიღო.  დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და „იბერია“ 80 ქულით გაჩემპიონდა. გამარჯვებულებს ოქროს მედლები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გადასცა.
შეგახსენებთ, რომ სეზონის პირველ ნახევარში „იბერიას“ ლევან კორღალიძე წვრთნიდა, რომელსაც ევროთასებზე წარუმატებლობა არ აპატიეს და გია გეგუჩაძით შეცვალეს. ეს უკანასკნელი თვენახევარში გაუშვეს და 29 წლის ნერგაძე დანიშნეს, რომლის მისვლის შემდეგ თბილისელებმა ჩემპიონატში ზედიზედ 7 თამაში მოიგეს. ის უჩა სოსიაშვილის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გახდა, რომელმაც გუნდს საქართელოს ჩემპიონატი მოაგებინა. სოსიაშვილმა ასეთ წარმატებას 26 წლის ასაკში მიაღწია. „იბერიაზე“ მეტჯერ საქართველოს პირველობაზე თბილისის „დინამომ“ (19) და ქუთაისის „ტორპედომ“ (4) გაიმარჯვეს. „იბერია“ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. სერბი ჟელკო ლიუბენოვიჩის გაწვრთნილი „გაგრა“ 43 ქულით მე-5 ადგილზე გავიდა.
„იბერიას“ დუბლის შესრულების შანსი აქვს, რადგან 10 დეკემბერს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე „დილას“ ეთამაშება.
იბერია 1999 2:1 გაგრა 
გორში გამართულ შეხვედრას რაც შეეხება. მე-5 წუთზე პენალტიდან ანგარიში მათე ვაწაძემ გახსნა, ხოლო ებრაელმა აბდალამ საპასუხო ბურთი 75-ე წუთზე გაიტანა. 85-ე წუთზე „დინამო“ ირაკლი სირაძემ დააწინაურა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ანგარიში მალელმა აბუბაქარ კონტემ გაათანაბრა.
მატჩის დასრულების შემდეგ, მოედანზე სიტუაცია დაიძაბა და განსაკუთრებით „დილას“ იტალიელი მთავარი მწვრთნელი დიეგო ლონგო აქტიურობდა. საბოლოოდ ვითარება დამშვიდდა და „დილა“ 78 ქულით მეორე ადგილზე გავიდა, გორელები მომდევნო სეზონში უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ. ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილი „დინამო“ 57 ქულით მეოთხე პოზიციაზეა და გაისად უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.
დილა 2:2 დინამო თბ 

ჩემპიონები

19 – დინამო თბ (1990, 1991, 1991-92, 1992-93, 1993-94, 1994-95, 1995-96, 1996-97, 1997-98, 1998-99, 2002-03, 2004-05, 2007-08, 2012-13, 2013-14, 2015-16, 2019, 2020, 2022)

4 – ტორპედო (1999-2000, 2000-01, 2001-02, 2017)

3 – იბერია 1999 (2018, 2024, 2025)

2 – ვიტ ჯორჯია (2003-04, 2008-09)

– რუსთავი (2006-07, 2009-10)

2 – ზესტაფონი (2010-11, 2011-12)

2- დინამო ბათუმი (2021, 2023)

1 – სამტრედია (2016)

1 – დილა (2014-15)

1 – სიონი (2005-06)

ლაშა თაბაგარი