გიორგი ტაბატაძემ, რომელიც „ვეილეს“ ზაფხულში შეუერთდა, დანიის სუპერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-14 ტურში „ვეილე“ სტუმრად „სონდერისკეს“ შეხვდა და 1:2 დამარცხდა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-5 წუთზე მეტოქისთვის მაისურის მოქაჩვის გამო ყვითელი ბარათი მიიღო. მან 25-ე წუთზე დაახლოებით 20 მეტრიდან ძლიერი დარტყმით ბურთი მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში გაიტანა. 37-ე წუთზე ტაბატაძემ მეტოქის ფეხბურთელს ფეხებში უხეშად ჩაუვარდა და ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც ავტომატურად წითელში გადაიზარდა. „ვეილე“ 7 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





