პეპ გვარდიოლამ საუდის არაბეთიდან რამდენიმე წინადადება მიიღო, რომლებიც არ განიხილა. ამის შესახებ გამოცემა Sport ესპანელი სპეციალისტის აგენტის ხოსეპ მარიო ოროვიჩზე დაყრდნობით იუწყება.
„ბოლო დღეებში შუამავლების საშუალებით საუდის არაბეთიდან რამდენიმე წინადადება მივიღეთ. გვარდიოლმა მათ განხილვაზეც კი კატეგორიული უარი განაცხადა“ – თქვა ოროვიჩმა.
მისი ინფორმაციით, 55 წლის გვარდიოლა მომავალი სეზონის დაწყებამდე თავისი მომავლის განხილვას არ აპირებს. მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გვარდიოლას საუდის არაბეთის ეროვნულ ნაკრებში და „ალ-ნასრში“ ეპატიჟებოდნენ.
გვარდიოლამ „სიტიში“ 10-წლიანი მუშაობის შემდეგ, თანამდებობა 2026 წლის მაისში დატოვა. მან გუნდს ინგლისის პრემიერლიგა 6-ჯერ, ინგლისის ლიგის თასი 5-ჯერ, ინგლისის ასოციაციის თასი 3-ჯერ, ინგლისის სუპერთასი 3-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი თითოჯერ მოაგებინა.
გვარდიოლამ „ბარსელონასთან“ ერთად ესპანეთის ჩემპიონატი 3-ჯერ, ესპანეთის თასი 2-ჯერ, ესპანეთის სუპერთასი 3-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ, უეფას სუპერთასი 2-ჯერ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 2-ჯერ მოიგო.
ის მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთად გერმანიის ჩემპიონი 3-ჯერ გახდა, ხოლო გერმანიის თასი 2-ჯერ მოიპოვა. გარდა ამისა, თითოჯერ უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
ლაშა თაბაგარი





