საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 წრე სენსაციით დაიწყო. 28-ე ტურში გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა საგარეჯოს „გარეჯმა“ ლიდერო გორის „დილა“ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ 0:2 აგებდა, საბოლოოდ სამი ქულა აიღო.
მატჩის მე-10 წუთზე „დილას“ კონტრშეტევის დროს ოთარ ფარულავამ ქუსლით პასი მასპინძლების საჯარიმოში გახსნილ ალექსანდრე ანდრონიკაშვილს გაუკეთა, რომლის დარტყმის შემდეგ, ბურთი ლუკა თოლორდავას ფეხზე შეეზო და კარში აღმოჩნდა – 0:1.
35-ე წუთზე მალელმა აბუბაქარ კონტემ საგარეჯოელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შესული შოთა შეყილაძე მოძებნა, რომელიც ორ მეტოქეს გაექცა და მახვილი კუთხიდან ეფექტური გოლი გაიტანა – 0:2,
71-ე წუთზე დავით სხირტლაძემ პასი შეცვლაზე შესულ ნიკა კაჭარავას გაუკეთა, რომელმაც საჯარიმოში ფინტით მცველი ჩამოიცილა და „ცაციათი“ ანგარიშში სხვაობა შეამცირა – 1:2.
79-ე წუთზე „დილას“ საჯარიმოსთან ახლოს მყოფმა ვალერი ოლხოვმა მარჯვნიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც უმეთვალყურეოდ დარჩენილმა თორნიკე ძებნიაურმა თავით ანგარიში გაათანაბრა – 2:2.
89-ე წუთზე ბადრი გოგობერიშვილმა მარცხენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და დავით სხირტლაძემ, რომელიც თამაშში შეცვლაზე ჩაერთო, თავით გამარჯვების გოლი გაიტანა – 3:2.
იტალიელი დიეგო ლონგოს გაწვრთნილმა „დილამ“ ზედიზედ ორი თამაში წააგო და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაკარგა – 59 ქულით მეორეა. „გარეჯი“ 27 ქულით მერვე პოზიციაზეა.
გარეჯი 3:2 დილა
„დილას“ წარუმატებლობით კარგად ისარგებლა თბილისის „იბერიამ“, რომელმაც გუგა ნერგაძის ხელმძღვანელობით სტუმრად „თელავთან“ 2:0 მოიგო.
შეხვედრის მე-20 წუთზე საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს, ლუკა სილაგაძემ თელაველთა კართან ახლოს მდგომი გიზო მამაგეიშვილი მოძებნა, რომლის თავურის შემდეგ, მეკარე ლევან თანდილაშვილმა მოიგერია ბურთი< რომელსაც კარში ადგილი ნიდერლანდელმა მცველმა დერეკ აგიაკვამ მიუჩინა – 0:1.
74-ე წუთზე გურამ გოშთელიანი მასპინძლების ნახევარზე განელ მცველ ებენნეზერ კპოზოს გაცდა, ხოლო საჯარიმოში შესულმა კარში ზუსტად დაარტყა – 0:2. „იბერია“ 59 ქულით პირველ ადგილზე დაბრუნდა და ამდენივე ქულის მქონე „დილას“ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უკეთესი შედეგით სჯობს. „თელავი“ 25 ქულით მეცხრეა.
თელავი 0:2 იბერია 1999
ლაშა თაბაგარი





