სანიოლი: “ბრძოლისუნარიანობა, ერთიანობა და ბოლომდე თამაში გვაკლია”

0
10

ვილი სანიოლს მიაჩნია, რომ ბოლო 10 თვის განმავლობაში საქართველოს ნაკრებს ბრძოლისუნარიანობა, ერთიანობა და პირველიდან ბოლო წუთამდე თამაში აკლია. ჩვენი გუნდის ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად თურქეთთან 1:4 წაგების შემდეგ ისაუბრა.
ვილი სანიოლი: „პირველ და მეორე ტაიმს შორის სხვაობა ძალიან დიდი იყო. მატჩი ისე დავიწყეთ, თითქოს მოგება ინტენსივობის და აგრესიული თამაშის გარეშე შეგვეძლო. თურქეთის ძალიან კარგი ნაკრების წინააღმდეგ კი, ეს შეუძლებელია.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პრობლემები გვექნებოდა, თუ ვერ შევძლებდით ევროპის ჩემპიონატის დავიწყებას. ვფიქრობ, არა მხოლოდ ფეხბურთელები, ჩვენ ყველა კომფორტის ზონაში აღმოვჩნდით, საიდანაც გამოსვლა რთული აღმოჩნდა. როდესაც ასეთ მდგომარეობაში ხარ, მნიშვნელოვანია, რომ რეალობა გულწრფელად მიიღო.
ბოლო 10 თვის განმავლობაში გვაკლია ის, რაც ჩვენს გუნდს ახასიათებდა – ბრძოლისუნარიანობა, ერთიანობა და პირველიდან ბოლო წუთამდე ისე თამაში, თითქოს ეს ცხოვრების ბოლო მატჩია. თუ გვსურს, რომ კვლავ გვქონდეს წარმატება მომავალში, როგორც საკვალიფიკაციო ეტაპზე, ისე გადამწყვეტ თამაშებში. სწრაფად უნდა მოვახდინოთ გადატვირთვა და დავუბრუნდეთ იმ პერიოდს, როდესაც ვიცოდით, რომ თითოეულ მატჩში საჭიროა ბრძოლა შედეგის მისაღწევად. ბოლო პერიოდში ეს გვაკლია და, უახლოეს მომავალში, ჩვენი მთავარი მიზანი იქნება წარმოვადგინოთ ბევრად უკეთესი საქართველოს ნაკრები, ვიდრე ეს უკანასკნელ შეხვედრებში იყო”.
საქართველოს ნაკრები, რომელსაც 3 ქულა აქვს, მუნდიალის შესარჩევში მომდევნო შეხვედრას 15 ნოემბერს ევროპის მოქმედ ჩემპიონ და E ჯგუფის ლიდერ ესპანეთთან (12 ქულა) თბილისში ჩაატარებს, ხოლო 18 ნოემბერს – უქულო ბულგარეთს ესტუმრება. თურქეთი 9 ქულით მეორე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი