საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის E ჯგუფის მესამე ტურში სტუმრად თურქეთს შეხვდა და უშანსოდ დამარცხდა. ობიექტურად დღესდღეობით რომ თურქებს უკეთესი გუნდი ჰყავთ ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგიც მოწმობს. მასპინძლები ორი ტაიმის განმავლობაში დომინირებდნენ და წარმატების მიღწევის ოდნავი შანსიც არ დაგვიტოვეს.
ესპანეთთან სტუმრად წაგებული (0:2) მატჩის შემდეგ, ვილი სანიოლი ისევ ოთხმცველიან ტაქტიკას დაუბრუნდა. დაცვის ცენტრში ლუკა ლოჩოშვილი და საბა გოგლიჩიძე მოქმედებდნენ, მარჯვენა ფლანგი ოთარ კაკაბაძეს ებარა, მარცხენა – გიორგი გოჩოლეშვილს. ნახევარდაცვაში ოთარ კიტეიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი და ზურიკო დავითაშვილი თამაშობდნენ. შეტევაში გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია ირჯებოდნენ.
მატჩის დასაწყისში ჩვენს საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ელმალიმ პასი აკტუროღლუს გაუკეთა, რომელმაც ახლო მანძილიდან, მაგრამ ოდანვ მახვილი კუთხიდან არაზუსტად დაარტყა. მე-14 წუთზე ბარდაქჩიმ თავისი ნახევრიდან ზუსტი პასი ოთარ კაკაბაძის ზურგსუკან გახსნილ ილდიზს გაუკეთა, რომელმაც კარიდან გამოსულ გიორგი მამარდაშვილს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო. თავდაპისრველად გვერდითმა მსაჯმა თურქ ფეხბურთელზე თამაშგარე დააფიქსირა. თუმცა, ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, რუმინელმა არბიტრმა რადუ პეტრესკუმ გოლი ჩათვალა.
22-ე წუთზე ჩალჰანოღლუმ კუთხურიჩ ააწოდა და შეტევაში ჩართულმა ცენტრალურმა მცველმა დემირალმა საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლაში კიტეიშვილს აჯობა, რის შემდეგ მამარდაშვილმაც ვერ გვიხსნა – 2:0. 33-ე წუთზე ილდიზი ჩვენს საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ მამარდაშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. სტამდარტული ისევ ჩალჰანოღლუმ შეასრულა და მიულდური ბურთს თავით შეჭვდა, ხოლო კარის წინ მდგომი ბარდქჩი ბურთს ვერ შეწვდა.
35-ე წუთზე ილდიზი ისევ მარცხნიდან შევიდა საჯარიმოში და პასი მიულდურს მისცა, რომლის დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან გოჩოლეიშვილმა გამოიტანა, ხოლო აკგუნმა ზუსტად დაამატა – 3:0. ტაიმის მიწურულს გიულერმა ჩვენს საჯარიმოსთან ახლოს კიტეიშვილს აართვა ბურთი და აკტურკოღლუსთან გაითამაშა, რომელმაც პასი ქუსლით გაუკეთა, ხოლო გიულერმა ხელსაყრელი პოზიციიდან ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდის შანსი ხელიდან გაუშვა.
52-ე წუთზე ჩალჰანოღლუმ კუთხური ჩააწოდა და დემირალმა ისევ კიტეიშვილზე მაღლა ახტა, რის შემდეგ, თავით დუბლი შეასრულა – 4:0. უცნაურია თუ რატომ იყვანდა ორივე შემთხვევაში კიტეიშვილი დემირალს, რომელიც მასზე გაცილებით მაღალია.
55-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა პირველი რეალური საგოლე მომენტი შექმნა, როდესაც დავითაშვილის გადაცემის შემდეგ, თურქების საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა კვარაცხელიამ დაარტყა და მეკარემ ბურთი ხელებში დააფიქსირა. 65-ე წუთზე კაკაბაძემ კიტეიშვილი მოძებნა, რომელმაც ქუსლით კარგი პასი გაუკეთა ქოჩორაშვილს, რომელმაც თურქების საჯარიმოში დემირალი ჩამოიცილა და ჩაქირის ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა – 4:1.
მე-80 წუთზე კვარაცხელიამ კედელი ზივზივაძესთან გაითამაშა, რის მერე, ერთ თურქს ბურთი ფეხებს შორის გაუტარა და საჯარიმოს გარედან არაზუსტად დაარტყა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში, მასპინძლების საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა ლობჟანიძემ კარგი პოზიციიდან დაარტყა და ბურთი მცველმა დაბლოკა. 89-ე წუთზე თურქების საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა გოჩოლეიშვილმა მარცხენა ფეხით დაარტყა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. ამის შემდეგ, ზივზივაძის თავური არაზუსტი აღმოჩნდა.
თურქეთმა ჯგუფში მეორე ადგილი და პლეი-ოფში თამაში პრაქტიკულად გაინაღდა, სასწაული უნდა მოხდეს, რომ დარჩენილ ორ ტურში ჩვენი გუნდი იტალიელი ვინჩევნოც მონტელას გაწვრთნილებს პლეი-ოფის საგზურს შეეცილოს. პარალელურად ჩატარებულ მატჩში ესპანეთმა შინ ბულგარეთს 4:0 აჯობა და ჯგუფში 12 ქულით ლიდერია.
საქართველოს ნაკრები მუნდიალის შესარჩევში მომდევნო შეხვედრას 15 ნოემბერს ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთან თბილისში ჩაატარებს, ხოლო 18 ნოემბერს – ბულგარეთს ესტუმრება.
თურქეთი – საქართველო 4:1 (3:0)
14 ოქტომბერი. ქოჯაელი. სტადიონი „ქოჯაელი“.
თურქეთი: ჩაქირი, მიულდური, დემირალი, ბარდაქჩი, ელმალი, ჩალჰანოღლუ (ოზქანი, 78), იუკსეკი, აკგუნი (ილმაზი, 68), გიულერი (კოკჩუ, 68), ილდიზი (კადიოღლუ, 83), აკტორკოღლუ (აიდინი, 78).
მთავარი მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, გოჩოლეიშვილი, კიტეიშვილი (გაგნიძე, 65), მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი, დავითაშვილი (ლობჟანიძე, 71), მიქაუტაძე (ზივზივაძე, 46), კვარაცხელია (კ).
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.
გოლები: 1:0 ილდიზი (16), 2:0 დემირალი (22), 3:0 აკგუნი (35), 4:0 დემირალი (52), 4:1 ქოჩორაშვილი (65)
გაფრთხილება: ილმაზი (77), ქოჩორაშვილი (85)
მთავარი მსაჯი: რადუ პეტრესკუ (რუმინეთი)
ლაშა თაბაგარი





