რამაზ სვანაძე: “ჩემი გუნდისგან თამაშში პროგრესს ველოდები”

0
12

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძის თქმით, ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის F ჯგუფში დღეს რიგაში ლატვიასთან გასამართ მატჩში დადებითი შედეგის მისაღწევად ყველაფერი გაკეთდება.
რაშაზ  სვანაძე: „რთულ თამაშს ველოდები, თუმცა ძალიან კარგად ვიცით, რომ ქულები გვჭირდება. ამიტომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენთვის ხვალინდელი შეხვედრა სასიკეთოდ დასრულდეს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი გუნდისგან ველოდები, რომ პირველ ყოვლისა, თამაშში გვექნება პროგრესი, რადგან ახალი შეკრებილები ვართ და მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მომდევნო თამაში იყოს იმაზე კარგი, ვიდრე წინა.
ძალიან მნიშვნელოვანი შეკრებაა, ამის შემდეგ გვრჩება ნოემბრის შეკრება, როცა ჯგუფის ლიდერთან გვაქვს თამაში. ამიტომ, ამ შეკრებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მალტასთან მატჩის დასრულებისას გვეცოდინება კონკრეტულად თუ სად ვართ ამ მომენტში და რეალობა ნათელი იქნება. შესაბამისად, ჩემი მხრიდან შეფასებაც გაკეთდება“.
საბა ხარებაშვილი: „შეკრება ძალიან კარგად მიმდინარეობს, ტექნიკურად და ტაქტიკურად ყველაფერი გავიარეთ. რაც მთავარია, ტრავმები არ არის გუნდში, ერთადერთი დანაკლისი სიგუაა. შეცდომები გავაანალიზეთ და ვეცდებით, რომ ლატვიასთან გამოვასწოროთ და იგივე შეცდომები არ დავუშვათ. ყველანი მობილიზებულები და კარგად მომზადებულები ვართ“.
ლატვია-საქართველოს შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. სვანაძის გაწვრთნილი გუნდი ერთი ქულით მეოთხე ადგილზეა. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი აჩვენებს.
ლაშა თაბაგარი