ქოჩორაშვილი: “ვიცით, რა სირთულის და მნიშვნელობის შეხვედრა გველის”

0
17

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს, ესპანეთის წინააღმდეგ, ელჩეში გამართავს.
ჩვენი გუნდი მზადებას ალიკანტეში აგრძელებს. შეკრებაზე ჩატარებული მესამე ვარჯიშის შემდეგ, მოახლოებული მატჩების შესახებ ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა კომენტარი გააკეთა.
გიორგი ქოჩორაშვილი: “ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როდესაც ნაკრებში ასეთ დიდ დროს ატარებ შენს მეგობრებთან ერთად. ჩემთვის ესპანეთში ყოფნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ ქვეყანასთან, სადაც 8 წელი გავატარე, დიდი ემოციური კავშირი მაქვს.
ესპანეთთან უკვე რამდენიმე მატჩი გვაქვს ჩატარებული. ვიცით, რა სირთულის და მნიშვნელობის შეხვედრა გველის. პირველი დღიდან ყველა მაქსიმალურად ვემზადებით. ვეცდებით, ჩვენს გულშემატკივარს კვლავ კარგი თამაში შევთავაზოთ”.
მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის E ჯგუფში ესპანეთი – საქართველოს მატჩი ქალაქ ელჩეში შედგება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მოქმედი ევროპის ჩემპიონი ესპანეთი 6 ქულით ჯგუფის ლიდერია, ხოლო საქართველო 3 ქულით მეორე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი